2023 წელს გარდაცვლილები

96 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჰარი ბელაფონტე გარდაიცვალა

TCM

96 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და აქტივისტი ჰარი ბელაფონტე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

დაიბადა 1927 წელს ნიუ-იორკში, იამაიკელი მამისა და ნიდერლანდელი ებრაელი დედის ოჯახში. ბავშვობის ნაწილი ბებიასთან, იამაიკაზე გაატარა. მსახურობდა არმიაში, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

სიმღერა ნიუ-იორკის ჯაზ კლუბებში 40-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ერთ-ერთი პირველი კონცერტი ჩაატარა ჩარლი პარკერთან, მაილს დევისთან და მაქს როუჩთან ერთად. 1949 წელს გამოსცა პირველი ჩანაწერი. 1956 წელს გამოუშვა კარიერაში საუკეთესო ალბომი Calypso. ჩანაწერი ამერიკულ ჩარტებში პირველ ადგილს 31 კვირის განმავლობაში იკავებდა. კარიერის განმავლობაში გამოცემული აქვს 30 სტუდიური ალბომი. მიღებული აქვს გრემის 3 ჯილდო. 2022 წელს გახდა როკ ენ როლის დიდების დარბაზის წევრი.

40-იანი წლების ბოლოს დამლაგებლად მუშაობისას, ერთ-ერთმა თანამშრომელმა აჩუქა შავკანიანი მსახიობების თეატრის ბილეთი, სპექტაკლზე დასწრების შემდეგ დამეგობრდა მსახიობ სიდნი პუატიესთან და დაინტერესდა თეატრით.

პუატიესტან ერთად დადიოდა ბროდვეის სპექტაკლებზე, თუმცა ხშირად უსახსრობის გამო მეგობრები ერთ ბილეთს ყიდულობდნენ, მორიგეობით ესწრებოდნენ სპექტაკლის აქტებს და შემდეგ ერთმანეთს ნანახს უზიარებდნენ. იმავე პერიოდში დაიწყო ცნობილი რეჟისორის ერვინ პისკატორის სამსახიობო კურსებზე სიარული, მის კურსელებს შორის იყვნენ პუატიე, მარლონ ბრანდო, ტონი კერტისი, უოლტერ მატაუ. 

1950-იან წლებში თამაშობდა ბროდვეის სცენაზე. 1954 წელს სპექტაკლ John Murray Anderson's Almanac-ში თამაშისთვის მიიღო თეატრალური პრემია ტონი. მოგვიანებით მუსიკალური კარიერის პარალელურად თამაშობდა კინოში. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Carmen Jones, The Player, Ready To Wear, White Man's Burden, Bobby, BlacKkKlansman. არის საპატიო ოსკარის, ემის, ბერლინის კინოფესტივალის სპეციალური პრიზის მფლობელი.

1950-იანი წლებიდან ჩართული იყო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. იყო მარტინ ლუთერ კინგის აქტიური მხარდამჭერი, 1963 წელს მისი ინიციატივით შეგროვდა $50 000, რომელიც კინგისა და სხვა დაპატიმრებული აქტივისტების ციხიდან გირაოთი გამოყვანას მოხმარდა. 1954-1961 წლებში პროტესტის ნიშნად არ ატარებდა კონცერტებზე ამერიკის სამხრეთში. პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით იყო მშვიდობის კორპუსის ელჩი. 1964 წელს მხარს უჭერდა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს. 1985 წელს სხვა ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერა სიმღერა We Are The World, მოგვიანებით იმღერა სიმღერის მხარდამჭერ კონცერტზე. იყო რამდენიმე საქველმოქმედო და შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაციების დამფუძნებელი.

კომენტარები