აშშ-სუდანი

ბლინკენი სუდანში ვაგნერის აქტიურობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სუდანში კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის აქტიურობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა

"ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ პრიგოჟინის ჯგუფის - ვაგნერის ჯგუფის - სუდანში ჩართულობის გამო". - აღნიშნა ბლინკენმა. 

მისივე თქმით, ვაგნერის ჯგუფს, რომელიც აქტიური იყო მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, "სადაც მონაწილეობს, უბრალოდ მეტი სიკვდილი და ნგრევა მოაქვს".

ვრცლად წაიკითხეთ: სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში

ამავე კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ში განიხილავენ, როგორ დაეხმარონ მათ მოქალაქეებს, რომელთაც სუდანის დატოვება სურთ. 

ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, აშშ-ს რამდენი მოქალაქე იმყოფება სუდანში, მაგრამ თქვა, რომ სუდანის დატოვებაზე ათეულობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი. მისივე თქმით, ბევრი მათგანი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა.

"ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას აშშ-ს მოქალაქეებთან და აშშ-ს მთავრობასთან დაკავშირებულ პირებთან, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც უსაფრთხო ადგილზე გადასვლას ცდილობს". - თქვა ბლინკენმა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სუდანიდან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლების ევაკუაცია განხორციელდა

"დღეს, ჩემი ბრძანებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა ხართუმიდან აშშ-ის დიპლომატები გამოიყვანეს". - თქვა ბაიდენმა. 

ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, სუდანიდან ვაშინგტონის წარმომადგენლები და მათი ოჯახები სრულად ევაკუირებული არიან და ხართუმში აშშ-ის საელჩო დროებით მუშაობას წყვეტს. 

კომენტარები