ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა კარა-მურზას, ნავალნის დევნაზე პასუხისმგებლების დასანქცირებას მხარი დაუჭირა

amazonaws.com

მაგნიტსკის აქტის ავტორის ბილ ბრაუდერის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის მიერ მაგნიტსკის სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნისა და სხვა პირების პოლიტიკურ დევნაზე არიან პასუხისმგებელი.

მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, დააწესონ მკაცრი სანქციები იმ რუსი მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში, დაკავებებსა და წამებაში არიან ჩართული. 

რეზოლუციას მხარი 508 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ 14 წავიდა, ხოლო 31-მა თავი შეიკავა. 

"კონკრეტული სახელები ითქვა. ახლა მთავარი კითხვაა - იმოქმედებს თუ არა ევროკავშირი?". - წერს ბრაუდერი Twitter-ზე. 

ასევე, ევროპარლამენტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რუსეთში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების, წამებისა და მკვლელობის ფაქტებზე დაუყოვნებლივ გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. 

ევროპარლამენტს ჯერჯერობით რეზოლუციის სრული ტექსტი არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ბრაუდერი დოკუმენტის ნაწილს აქვეყნებს, სადაც იმ პირების სახელებია ჩამოთვლილი, რომელთა დასანქცირებისკენაც პარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს.

"მოვუწოდებთ საბჭოს, დააწესოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იშინის, ალექსეი გორინოვის და სხვების თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებაზე. მათ შორის არიან - მოსამართლეები: სერგეი პოდოპრიგოროვი, ელენა ლენსკაია, დიანა მიშჩენკო, ილია კოზლოვი, ანდრეი სედუშევი, ოლესია მენდელეევა, ოქსანა გორიუნპვა, მარგარიტა კოროვა, მარია დოვჟენკო, მარია ლარკინა, ილნარ ბასიროვი, ნატალია ვლასენკო, იგორ ჩაპლიგინი, ეკატერინა პიროჟოვკა, ალექსანდრ კოლიშნიცინი, ასევე პროკურორები და ის ადამიანები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ: ოლეგ ალიპოვი, ვერა ჩერვონოვა, სვეტლანა ჟურავლევა, ბორის ლოკტიონოვი, ანატოლი რაზინკინი, ნაძეჟდა ტიხონოვა, დანილა მიხეევი და სერგეი ბელოვი. საგამოძიებო კომიტეტის წევრები: ანდრეი ზადაჩინი, ხამოვნიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხაილ სმირნოვი და ასევე სასჯელაღსრულების კოლონიის ცენტრის (SIZO-5) ხელმძღვანელი, დმიტრი კომნოვი". - ვკითხულობთ ბრაუდერის გაზიარებულ დოკუმენტში.


რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ოპოზიციონერი კარა-მურზა უცხოელი ჯაშუშების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება და ნამუშევრების სპეციალური იარლიყით გამოქვეყნება მოუწევს.

ვლადიმირ კარა-მურზა (უმცროსი) ცნობილი რუსი ოპოზიციონერია, ის აქტიურად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და ვლადიმირ პუტინის წინააღმეგ გამართულ აქციებში მონაწილეობს. ის ორჯერ მოწამლეს - 2015 წლის მაისისა და 2017 წლის თებერვალში. მისი მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

რაც შეეხება ალექსეი ნავალნის, იგი პირველად თავის ძმასთან ერთად, 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია ივ როშე, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

კომენტარები