ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პროკურატურამ ყოფილი ე.წ. შს მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღძრა

იგორ ნანიევი

ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მას ბრალად სდებენ უფლებამოსილების გადაჭარბებას.

"ეს სისხლის სამართლის საქმე გამოიყო ინალ ჯაბიევის გარდაცვალების ფაქტის სისხლის სამართლის საქმისგან. ამჟამად, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება". – აცხადებენ ე.წ. გენპროკურატურაში.

ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა. მას წინასწარი დაკავების იზოლატორში დაუნდობლად სცემეს. ის დაკავებული იყო მაშინდელ ე.წ. შს მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით. 

მარტში ე.წ. პროკურატურამ გამოაცხადა, რომ წინასწარი გამოძიება დაასრულეს და პასუხისმგებლობაში შესაძლოა მიეცათ პირები, რომლებსაც წარსულში მარიონეტული რეჟიმის თანამდებობები ეკავათ. 

ჯაბიევის სიკვდილთან დაკავშირებით, მაშინდელმა მარიონეტმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ სიკვდილი "არაპროფესიონალიზმმა და უხეშმა თვითნებობამ გამოიწვია". ჯაბიევის გარდაცვალების გამო ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქციებიც იმართებოდა. მისი ოჯახი ამბობდა, რომ ის ცემით მოკლეს და აწამებდნენ.

2020 წლის 28 აგვისტოს, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა, ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრი ნანიევი. ე.წ. პრემიემრინისტრი, ერიკ პუხაევი კი გადადგა.

კომენტარები