რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: ეგვიპტემ რუსეთის მომარაგება თითქმის დაიწყო, სანაცვლოდ უკრაინის დახმარებას დათანხმდა

ჯო ბაიდენი და აბდულ ფათაჰ ალ-სისი გაეროს კლიმატის სამიტზე, 2022 წლის 11 ნოემბერი, ეგვიპტე.
Alex Brandon/AP

გამოცემა The Washington Post-ი სოციალურ ქსელ Discord-ზე გაჟონილი პენტაგონის ფაილებიდან ახალ დეტალებზე წერს. WP-ს ცნობით, გაჟონილი 5 დოკუმენტის მიხედვით, ეგვიპტემ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გასულ თვეში, აშშ-ს მაღალჩინოსნებთან საუბრის შემდეგ შეაჩერა და სანაცვლოდ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გადაწყვიტა. 

გასულ კვირას WP-მ გაავრცელა ცნობა, რომ გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ თებერვალში გადაწყვიტა, რომ რუსეთისთვის 122-მმ-იანი Sakr-45-ის ტიპის 40 000 რაკეტა საიდუმლოდ ეწარმოებინათ. ფაილების მიხედვით, ალ-სისიმ დაქვემდებარებულებს უბრძანა, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დაეტოვებინათ, რათა "დასავლეთთან პრობლემები აერიდებინათ". თუმცა, შემდეგში აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, ალ-სისიმ გეგმები მარტის დასაწყისში შეცვალა.

ფაილების მიხედვით, მას შემდეგ, რაც კაირომ რუსეთთან არსებული შეთანხმება შეაჩერა, მათ დაიწყეს 152 და 155 მმ-იანი ჭურვების აშშ-სთვის წარმოება, რათა ამ უკანასკნელს საბრძოლო მასალა უკრაინისთვის გადაეცა. დოკუმენტის მიხედვით, ეგვიპტე აშშ-სა და უკრაინისთვის ჭურვების წარმოებას დათანხმდა, რათა ვაშინგტონის მხრიდან თანამედროვე შეიარაღების, მათ შორის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისა და Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღება გამარტივებოდათ. 

დოკუმენტში არაა საუბარი, საბოლოოდ რა ბედი ეწია რუსეთთან არსებულ შეთანხმებას და მიაწოდა თუ არა უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა კაირომ აშშ-ს. 

აქამდე ეგვიპტემ რუსეთისთვის რაკეტების წარმოებაზე გავრცელებული ამბავი უარყო, ხოლო WP-სთან საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ არაფერი მიუთითებდა კაიროს მიერ მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემაზე. ახლა, როცა WP ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ ცნობებთან დაკავშირებით დაუკავშირდა, უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

 "ეგვიპტე ახლო პარტნიორია და ჩვენ რეგულარულად ვართ ჩართული მათ ლიდერებთან რეგიონულ და მსოფლიო საკითხებთან დაკავშირებით". – თქვა WP-სთან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

აქამდე გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის დელეგაციის წევრები ეგვიპტესთან 15 000 რაკეტის წარმოებაზე, თითოს სანაცვლოდ $1 100-ზე შეთანხმდნენ, $1 500-მდე გაზრდის პოტენციალით. თუმცა, ფაილების მიხედვით, ალ-სისიმ სამხედრო წარმოების მინისტრს, მუჰამედ სალაჰ ალ-დინს 40 000 ერთეულის წარმოება დაავალა. ასევე დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს გაცემული ჰქონდა "სპეციალიზებული აღჭურვილობით" წარმოების ბრძანება, რათა რაკეტების ხარისხი და სიზუსტე გაზრდილიყო.

როგორც ჩანს, ეგვიპტის პრეზიდენტმა რუსეთის მომარაგებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მის ქვეყანას ამერიკელი მაღალჩინოსნები თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ბრეტ მაკგურკი და ბარბარა ლიფი თებერვლის ბოლოს ესტუმრნენ, შემდეგ, 8 მარტს კი კაიროში ჩავიდა აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც.

გამოცემა The Wall Street Journal-ი წერდა, რომ შეხვედრის დროს ოსტინმა ეგვიპტელ ლიდერებს სთხოვა, რომ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვები ეწარმოებინათ, მაგრამ ცხადი პასუხი ვერ მიიღო. თუმცა, 9 მარტით დათარიღებულ გაჟონილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეგვიპტე დათანხმდა ეწარმოებინათ 152 და 155 მმ-იანი ჭურვები ამერიკისთვის, რათა მათ ისინი უკრაინისთვის გადაეცათ.

დოკუმენტის მიხედვით, 8 მარტის შეხვედრისთვის ალ-სისი სავარაუდოდ ეჭვობდა, რომ რუსეთთან არსებული საუბრები ისმინებოდა და თავდაცვის მინისტრი, მუჰამედ ზაქი გააფრთხილა, რომ ფრთხილად ყფილი რუსეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო თხოვნების საკითხებზე საუბრის დროს. დოკუმენტის მიხედვით, ზაქიმ მიანიშნა რუსეთთან არსებულ "სამხედრო კონტრაქტებზე", თუმცა კონკრეტულად რაკეტების გეგმა არ დაუსახელებია.

სიფრთხილე, რომ ეგვიპტე არასაჭირო სირთულეში არ ჩავარდნილიყო, გარანტირებული იყო", რაზეც ზაქისგან მიიღო პასუხი: "ჩვენ არანაირი ზომა არ მიგვიღია" და ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ კონტრაქტები ჯერ გაფორმებული არ იყო. 

სადაზვერვო მასალა ეგვიპტესა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროთი დაახლოებაზე მიუთითებს. კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც დაუთარიღებელია, განიხილავს უკრაინაში, სავარაუდოდ, ეგვიპტისთვის განკუთვნილი რუსული С-300-ების სისტემის შემჩნევას. კაირომ მოსკოვთან С-300-ებთან დაკავშირებული კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების პირველი ორი ერთეულები 2020 და 2021 წლებში მიიღეს, როგორც დოკუმენტი ამბობდა. მასში არ იყო დაკონკტრებული ეგვიპტემ ეს სისტემები დაუბრუნა თუ არა რუსეთს, რათა მათ უკრაინაში გამოეყენებინათ.

კომენტარები