რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: აშშ-ს გაჟონილი ფაილების ცნობით, ეგვიპტე რუსეთისთვის რაკეტების ჩუმად გადაცემას გეგმავდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფათაჰ ალ-სისი. 2018 წლის 17 ოქტომბერი.
Pavel Golovkin/AP

The Washington Post-ი წერს, რომ აშშ-ს დაზვერვის გაჟონილ ფაილებში ეწერა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის ერთ-ერთ ახლო მოკავშირედ ითვლება და ამერიკისგან დიდ დახმარებას იღებს, რამდენიმე ხნის წინ დაქვემდებარებულებს შეუკვეთა 40 000 რაკეტის დამზადება, რათა საიდუმლოდ რუსეთში შეეტანათ.

17 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში აღწერილია სავარაუდო საუბარი პრეზიდენტ ალ-სისისა და ეგვიპტელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის და ნახსენებია გეგმები, რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და დენთის მიწოდების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალ-სისი მაღალჩინოსნებს მოუწოდებდა, რომ რაკეტების წარმოება და გადატანა გაესაიდუმლოებინათ, რათა "დასავლეთთან პრობლემები აერიდებინათ".

WP-მ დოკუმენტები, რომლებზეც ცნობები აქამდე არ არსებობდა, თებერვალსა და მარტში მოიპოვა, როცა ისინი სოციალურ ქსელ Discord-ზე გავრცელდა. 

"ეგვიპტის პოზიცია დასაწყისიდან ეფუძნება ამ კრიზისში ჩაურევლობასა და ორივე მხარისგან თანაბარი დაშორების შენარჩუნებას, გაერო-ს წესდებისა და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებში საერთაშორისო სამართლის მიმართ ეგვიპტის მხარდაჭერის პარალელურად". - თქვა მედიასთან ეგვიპტის ელჩმა აშშ-ში, აჰმედ აბუ ზეიდმა და დაამატა, რომ ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. 

WP-სთან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ არ იციან შესრულდა თუ არა დოკუმენტებში ნახსენები გეგმა. "არ გვინახავს, რომ ეს მოხდა", - თქვა მან.

პენტაგონის სპიკერმა, საბრინა სინგჰმა აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა საიდუმლო ფაილების გაჟონვასთან დაკავშირებით საქმე აღძრა.

"ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთში ჩვენი ერთ-ერთი უძველესი მოკავშირეა. თუ მართალია, რომ სისი რუსეთისთვის საიდუმლოდ აწარმოებს რაკეტებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება უკრაინაში, ჩვენი ურთიერთობის მდგომარეობას სერიოზულად უნდა გადავხედოთ". თქვა სენატორმა კრის მერფიმ.

დოკუმენტის მიხედვით, ალ-სისიმ მითითებები, რომ რაკეტების მიწოდება გაესაიდუმლოებინათ, 1-ელ თებერვალს მისცა პირს, რომელიც ნახსენებია მხოლოდ როგორც სალაჰ ალ-დინი. მას საწარმოს მუშახელისთვის უნდა ეთქვა, რომ საბრძოლო მასალას ეგვიპტის არმიისთვის ამზადებდნენ. WP ვარაუდობს, რომ საუბარია მუჰამედ სალაჰ ალ-დინზე, რომელიც ეგვიპტის სამხედრო წარმოების მინისტრია. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისთვის დენთის წარმოება მოხდებოდა ქარხანა ნომერ 18-ში, რომელიც ქიმიური საწარმოა. 

დოკუმენტი ციტირებს სალაჰ ალ-დინს, რომ საკუთარ ხალხს უბრძანებდა, რომ არასამუშაო დროსაც ემუშავათ, რადგან ეს იქნებოდა მინიმუმი, რისი გაკეთებაც ეგვიპტეს რუსეთის აქამდე გაწეული, დაუსახელებელი დახმარების სანაცვლოდ შეეძლო. დოკუმენტში არაა დაზუსტებული, თუ აქამდე როგორ დაეხმარა რუსეთი ეგვიპტეს. გაჟონილი ფაილის მიხედვით, რუსებმა სალაჰ ალ-დინს უთხრეს, რომ "ნებისმიერი რამის" ყიდვაზე თანახმა იყვნენ. 

მოსკოვმა და კაირომ მცირე ხნის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს. მათ შორისაა გასულ წელს დადებული შეთანხმება, რომ რუსეთი ეგვიპტეში დიდ სარკინიგზო საწარმოს შექმნის. ამას გარდა, რუსეთის ბირთვული ენერგიის კორპორაციამ, როსატომმა გასულ წელს ეგვიპტეში პირველი ატომური ელექტროსადგურის შენება დაიწყო. ამას გარდა, უკრაინული ხორბლის მიწოდების გართულების შემდეგ, კაირო დამოკიდებული გახდა რუსულ მარცვლეულზე. 

დოკუმენტის მიხედვით, ალ-სისი ამბობდა, რომ ის განიხილავდა ჩინეთისთვის "ჩვეულებრივი რაღაცების" მიყიდვას, რათა მეტი 122-მმ-იანი Sakr 45-ის ტიპის რაკეტა ეწარმოებინათ. დოკუმენტში ნახსენები არაა, Sakr 45-ის ტიპის რაკეტები განკუთვნილი იყო თუ არა რუსეთისთვის, მაგრამ ამ საბრძოლო მასალის გამოყენება შესაძლებელია რუსული გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემებზე.

ალ-სისის სავარაუდო საუბრიდან რამდენიმე დღით ადრე კაიროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია და პრეზიდენტს. შეხვდა. ამას მოჰყვა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის, სამეჰ შუქრის მოსკოვში ვიზიტი და რუსეთის ლიდერებთან საუბრები. ეგვიპტესა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ალ-სისის მთავრობაზე გაზარდა ზეწოლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე, დისიდენტებსა და კრიტიკოსებზე არსებული წნეხის გამო.

კომენტარები