SpaceX-ის კოსმოსური მისია

მასკის მოლოდინი SpaceX-ის ყველაზე მძლავრი რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით პესიმისტურია

Patrick T Fallon

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი მსოფლიოში ყველაზე მძლავრ რაკეტას გამოცდის. Starship-ის აფრენის საწყისი წერტილი ტეხასის შტატია. SpaceX-ში იმედოვნებენ, რომ რაკეტა მთვარემდე მიაღწევს, ხოლო სამომავლოდ საბოლოო დანიშნულების ადგილი მარსი იქნება. 

SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ვარაუდით, პირველი მცდელობა წარმატებით არ დასრულდება. 

"წარმატების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. სავარაუდოდ ხვალინდელი დღე წარმატებით არ დასრულდება. ეს უბრალოდ ფუნდამენტურად რთულია". - აღნიშნა მასკმა მისიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ წუთისთვის გუნდი მონაცემების შეგროვებაზე მუშაობს, როგორ აფრინდება ხომალდი და დაბრუნდება დედამიწაზე. NASA-სგან განსხვავებით, SpaceX-ი საცდელი ფრენებისას ნაკლები სიფრთხილით გამოირჩევა, რადგან როგორც მასკი ამბობს, შეცდომის შემთხვევაში იგებ, რა იყო მარცხის მიზეზი. 

Starship-ის პროტოტიპმა ხომალდებმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გაიარეს სატესტო ფრენა, თუმცა ახალი რაკეტა მათზე გაცილებით დიდი სიმძიმისაა და ეს მისი პირველი გამოცდა იქნება. 

Starship-ის პროექტი SpaceX-მა 2019 წელს წარადგინა. Starship-ი გათვლილია ადამიანების გადაყვანასა და ტვირთის გადატანაზე დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე. მასკის გათვლებით ეს ხომალდი მარსზე 2026 წელს გაემგზავრება.

კომენტარები