ნიკ კარტერი

BACKSTREET BOYS-ის ნიკ კარტერს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

EW

Backstreet Boys-ის წევრ ნიკ კარტერს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. 

ბრალმდებელი მომღერალი და ბენდ Dream-ის წევრი მელისა შუმანია. შუმანმა კარტერის წინააღმდეგ სარჩელი მეორედ შეიტანა. 2017 წელს შეტანილი პირველი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

შუმანის თქმით კარტერი ფილმ The Hollow-ს გადასაღებ მოედანზე 2003 წელს გაიცნო. გადაღებების შემდეგ მომღერლები კარტერის სახლში წავიდნენ, სადაც Backstreet Boys-ის წევრმა მას ალკოჰოლი და "გაუპატიურების ნარკოტიკად" წოდებული ფლუნიტრაზეპამი მიაღებინა, შემდეგ კი ორალური და ვაგინალური სექსი დააძალა.

"მე კონსერვატორი ქრისტიანი ვარ, რომელიც საკუთარ თავს ქორწილისთვის ინახავდა. ასევე დაუცველი სექსის შედეგად გადამედო პაპილომა ვირუსი". – ამბობს შუმანი.

2022 წელს მუსიკოსს აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ცერებრული დამბლის მქონე ქალმა, შენონ რუთმა უჩივლა. ბრალმდებელმა ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც 2001 წელს მომხდარი შემთხვევა გაიხსენა. საქმეს ამძიმებს ის გარემოება, რომ იმ დროს რუთი 17 წლის, ანუ არასრულწლოვანი იყო.

კარტერი და მისი ადვოკატები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

კომენტარები