რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისია: პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერება მიუღებელია

European Commission

ევროკომისია ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მიუღებელია უნგრეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინული ხორბლის იმპორტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით.

"სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ამიტომ ერთმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია." - ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.

მიუხედავად კრიტიკული განცხადებისა, ევროკომისიას ჯერჯერობით არ დაუსახელებია, რა ნაბიჯებს გადადგამს პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

"ასეთ რთულ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება მოხდეს ევროკავშირის ფარგლებში". - წერია განცხადებაში.


თავდაპირველად უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლონეთმა მიიღო. ქვეყნის ლიდერები დროებით შეზღუდვას პოლონური სოფლების კრიზისში აღმოჩენით ხსნიან და ამბობენ, რომ ეს პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებზე არ აისახება.

15 აპრილს პოლონეთს უნგრეთიც შეუერთდა და თქვა, რომ შეზღუდვა ძალაში ივნისის ბოლომდე დარჩება.

ვარშავის გადაწყვეტილებაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ორმხრივი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია.

"ამჟამად, ცალმხრივი მკვეთრი ქმედებები არ დააჩქარებს სიტუაციის პოზიტიურ მოგვარებას." - ამბობს მორავიეცკი.

გასულ კვირას პოლონეთმა თქვა, რომ უკრაინას პოლონეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მარცვლეულის იმპორტის დროებით შეზღუდვაზე დათანხმდა. თუმცა, პოლონეთისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი სატრანზიტო პროდუქტები არ შეიზღუდებოდა.

კომენტარები