WSJ-ის ჟურნალისტი

"იმედს არ ვკარგავ" - დაპატიმრებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი მშობლებს წერს

The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი

ამერიკელმა ჟურნალისტმა,  Wall Street Journal-ის რეპორტიორმა, ევან გერშკოვიჩმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით არის დაპატიმრებული, მშობლებს აშშ-ში 5 აპრილს წერილი მისწერა და თქვა, რომ ის იმედს არ კარგავს.

"მინდა ვთქვა, რომ იმედს არ ვკარგავ, ვკითხულობ,  ვვარჯიშობ და ვცდილობ ვწერო." - წერს  Wall Street Journal-ის რეპორტიორი.

წერილში, რომელიც მშობლიურ, რუსულ ენაზეა დაწერილი, რეპორტიორი ციხის ცხოვრებასა და კვების რაციონზეც წერს.

"დედა, შენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ციხის კვებისთვის მომამზადე. შვრიასა და ბურღულეულს მაჭმევენ. ეს ბავშვობას მახსენებს" - წერს გერშკოვიჩი.

რეპორტიორის მშობლებმა, ელა მილმანმა და მიხაილ გერშკოვიჩმა გასულ კვირას თქვეს, რომ ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და პოზიტიური შედეგის იმედი აქვთ.

"ეს არის ერთ-ერთი ამერიკული თვისება, რომელიც ჩვენ ავითვისეთ - იყავით ოპტიმისტური, გჯეროდეთ ბედნიერი დასასრულის, მაგრამ მე სულელი არ ვარ. მე მესმის, რაშიცაა საქმე" - თქვა მილმანმა. 

გერშკოვიჩს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს. 

7 აპრილს სენატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა, მიჩ მაკკონელმა და ჩაკ შუმერმა გერშკოვიჩის დაკავება მკაცრად დაგმეს.

"ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. მოვითხოვთ, ბატონ გერშკოვიჩის წინააღმდეგ უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებების მოხსნას და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". - ნათქვამია მათ განცხადებაში.

რუსეთის FSB-ის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ "უკანონო საქმიანობა" შეაჩერეს. ჟურნალისტი დააკავეს, როცა "ამერიკული ინსტრუქციებით მოქმედებდა". 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავებას სრულიად უკანონო უწოდა

"ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ სრულიად უკანონოა ის, რაც ხდება. ამის პირდაპირ გამოცხადება ცვლის დინამიკას". - თქვა ბაიდენმა. 

"შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები, მაგრამ სასჯელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლო მიიღებს [...] მე არ მესმის, რა ცვლილებები მოაქვს და რას ნიშნავს ეს ნაბიჯი [აშშ-ის დეპარტამენტის კომენტარი]. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ს ყოველთვის შეეძლო თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვა" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, გერშკოვიჩი დაიჭირეს, რადგან მან დაარღვია შესაბამისი რუსული კანონი, თუმცა საბოლოო განაჩენს ამის შესახებ რუსული სასამართლო გამოიტანს.

კომენტარები