რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა სამხედრო უწყებებს სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გაძლიერება დაავალა – თეთრი სახლი

ჯო ბაიდენი
POLITICO

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მან გამომძიებლებს დაავალა, გაარკვიონ, რატომ ჰქონდა წვდომა აშშ-ს ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების 21 წლის თანამშრომელს, ჯეკ დუგლას ტეიშეირას დაზვერვის საიდუმლო მასალებზე. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ტეიშეირას ბრალი 14 აპრილს წარუდგინეს. 

გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ უსაფრთხოების გამკაცრების მიმართულებით ზომების მიიღებს. 

"მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ ქმედებებს აშშ-ის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გამოსაძიებლად და რეაგირებისთვის. სანამ ჩვენ ჯერ კიდევ ამ დოკუმენტების ავთენტურობის დადგენის პროცესში ვართ, ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო უწყებებს დავავალე, გადადგან ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად და გავრცელების შესაზღუდად. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენსავე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან". - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს

ტეიშეირას ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში ედება ბრალი.

რა წერია აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებში?

WP-მ დოკუმენტები, რომლებზეც ცნობები აქამდე არ არსებობდა, თებერვალსა და მარტში მოიპოვა, როცა ისინი სოციალურ ქსელ Discord-ზე გავრცელდა. აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, ზოგიერთი დოკუმენტი ავთენტურია და ამხელს აშშ-ის ძირითადი მოკავშირეების, მათ შორის სამხრეთ კორეის, ისრაელისა და უკრაინის დაზვერვის მასშტაბებს.

CNN-ის მიხედვით, დოკუმენტებიდან ვიგებთ იმასაც, რომ აშშ-ს საკუთარი წყაროები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფშიც ჰყავს, რომლებსაც ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. 

დოკუმენტებში საუბარია უკრაინაზეც - უკრაინის მთავარ სისუსტეებზე შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონების ზომებსა და რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის წინ ძალების მობილიზებაში. 

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, აშშ ფარულად ინფორმაციას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც აგროვებდა. ზელენსკისთან დაახლოებული წყაროს თქმით, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნები გაჟონვით ღრმად იმედგაცრუებული არიან. 

კიდევ ერთი დოკუმენტი დეტალურად აღწერს სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსნის დიალოგს, რომლებიც აშშ-ს მიერ უკრაინაში გასაგზავნი საბრძოლო მასალის მოთხოვნით შეშფოთებული იყვნენ. 

მაღალჩინოსნები შიშობდნენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელსაც შემდეგ აშშ უკრაინაში გაგზავნიდა, დაარღვევდა სამხრეთ კორეის პოლიტიკას, რომელიც ომში მყოფი ქვეყნებისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას კრძალავს. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წამოაყენა იდეა, რომ პრობლემისთვის გვერდის ასავლელად კორეას შეეძლო იარაღი პოლონეთისთვის მიეყიდა. 

დოკუმენტებმა აღშფოთება გამოიწვია იერუსალიმშიც. დაზვერვის ანგარიშებში, რომელიც, სავარაუდოდ CIA-ის მიერაა მომზადებული, წერია, რომ ისრაელის მთავარი სადაზვერვო, მოსადი ქვეყნის ახალი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტებს ახალისებდა, "მათ შორის, იყო აშკარა მოწოდებები მოქმედებისკენ". 

კომენტარები