რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილ პირს ბრალი წარუდგინეს

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრ ჯეკ ტეიშეირას ბრალი წარუდგინეს. 

21 წლის ჯეკ დუგლას ტეიშეირა აშშ-ს საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია. ის ჩრდილოეთ დაიტონში, მასაჩუსეტსში დააკავეს.

CNN-ის ინფორმაციით, ტეიშეირას ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში ედება ბრალი.

რა წერია აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებში?

WP-მ დოკუმენტები, რომლებზეც ცნობები აქამდე არ არსებობდა, თებერვალსა და მარტში მოიპოვა, როცა ისინი სოციალურ ქსელ Discord-ზე გავრცელდა. აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, ზოგიერთი დოკუმენტი ავთენტურია და ამხელს აშშ-ის ძირითადი მოკავშირეების, მათ შორის სამხრეთ კორეის, ისრაელისა და უკრაინის დაზვერვის მასშტაბებს.

CNN-ის მიხედვით, დოკუმენტებიდან ვიგებთ იმასაც, რომ აშშ-ს საკუთარი წყაროები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფშიც ჰყავს, რომლებსაც ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. 

დოკუმენტებში საუბარია უკრაინაზეც - უკრაინის მთავარ სისუსტეებზე შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონების ზომებსა და რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის წინ ძალების მობილიზებაში. 

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, აშშ ფარულად ინფორმაციას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც აგროვებდა. ზელენსკისთან დაახლოებული წყაროს თქმით, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნები გაჟონვით ღრმად იმედგაცრუებული არიან. 

კიდევ ერთი დოკუმენტი დეტალურად აღწერს სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსნის დიალოგს, რომლებიც აშშ-ს მიერ უკრაინაში გასაგზავნი საბრძოლო მასალის მოთხოვნით შეშფოთებული იყვნენ. 

მაღალჩინოსნები შიშობდნენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელსაც შემდეგ აშშ უკრაინაში გაგზავნიდა, დაარღვევდა სამხრეთ კორეის პოლიტიკას, რომელიც ომში მყოფი ქვეყნებისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას კრძალავს. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წამოაყენა იდეა, რომ პრობლემისთვის გვერდის ასავლელად კორეას შეეძლო იარაღი პოლონეთისთვის მიეყიდა. 

დოკუმენტებმა აღშფოთება გამოიწვია იერუსალიმშიც. დაზვერვის ანგარიშებში, რომელიც, სავარაუდოდ CIA-ის მიერაა მომზადებული, წერია, რომ ისრაელის მთავარი სადაზვერვო, მოსადი ქვეყნის ახალი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტებს ახალისებდა, "მათ შორის, იყო აშკარა მოწოდებები მოქმედებისკენ". 

კომენტარები