მიხეილ სააკაშვილი

ნავალნი: სააკაშვილის პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება ყველაზე სწორი იქნებოდა

მინდა ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე. 

მე მას არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრილვართ. არც მის გუნდში ვიცნობ ვინმეს და არც არავის უთხოვია ამ პოსტის დაწერა.

ჩემდა სამარცხვინოდ, საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენა მაქვს ქართულ პოლიტიკაზე და შესაძლოა, რაიმე არასწორად ვთქვა. ჩემდა კიდევ უფრო სამარცხვინოდ, რატომღაც, იმის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში იბომბებოდა, 2008 წელს ქართველების შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე. მის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ვიცი, რომ ამ მხრივ ჩემს აზრს საქართველოში დიდი წონა არ აქვს.

თუმცა, გადავწყვიტე ამაზე [სააკაშვილზე] ვისაუბრო, როგორც ადამიანმა და როგორც ქრისტიანმა, რადგან ეს ყველაფერი რთული საყურებელია. 

სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება და მთელი საქართველო დამძიმებულია იმის გამო, რაც ახლა ხდება. ამ სიტუაციაში მათთვისაც კი, ვისი მიზანიც სააკაშვილის სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გამოკეტვაა, არაფერია კარგი. 

მე მჯერა საქართველოს ბედნიერი, ევროპული მომავლის. ეს არის საოცარი ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი აქვს განვითარებისთვის. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და, სად არ ხდება ეს?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება.

თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა და ტანჯვა საშინელებაა. ეს გავლენას ახდენს ევროპულ არჩევანზე, განვითარებაზე, ამცირებს კარგი მომავლის შანსებს, აკნინებს მორალსა და ავსებს ქვეყანას ბოროტებით. 

გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება მძაფრია და სულისშემძვრელად ემოციური. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის ოპონენტებს ბევრი რამ აქვთ შესახსენებელი მისთვის, აქვთ შურისძიების მიზეზიც.

იმის თქმა მსურს, თუკი ვინმე მოისმენს, რომ არ არის საჭირო შურისძიება მაშინაც კი, როდესაც ეს ძალიან გვინდა. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება, ეს ჩიხში შესვლას ჰგავს, სტრატეგიულად არახელსაყრელია ყველასთვის და რაც მთავარია, სასტიკი.  

ჩვეულებისამებრ, ყველაფერი ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ყველას სურს შეინარჩუნოს სახე. ყველას უნდა აჩვენოს, რომ ვერ აჯობეს, პირიქით, მან აჯობა ყველას. მაგრამ ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები. ყოველივე ამის შემდეგ, ის არის ძალა.

სააკაშვილი ძალიან ავად არის და ამის სიმულაციად გაფორმება სისულელეა. მერწმუნეთ, ციხეს ძალიან სწრაფად შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის განადგურება. მისი პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, ყველაზე სწორი იქნებოდა.

ახლა ვნების კვირაა, შემდეგ კი – აღდგომის. კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე საქციელისთვის და ერის შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმისკენ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგას ეს ნაბიჯი ქრისტიანული გულმოწყალებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

ვკითხულობთ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის Instagram-ზე.

კომენტარები