რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: პენტაგონის ფაილების გაჟონვასთან დაკავშირებულ გამოძიებას ძალიან სერიოზულად ვუდგებით

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ფილიპინების მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებული გამოძიება სახელმწიფოს პრიორიტეტების სათავეშია. 

"მე არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, სანამ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. გარდა ამისა, ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებსა და პარტნიორებთან და ვერაფერი შეგვიშლის ხელს ამერიკის უსაფრთხოების შენარჩუნებაში". - ამბობს ოსტინი. 

ოსტინმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი "გადააბრუნებს ყველა ქვას, სანამ არ იპოვის გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტების წყაროს". 

მოკავშირეებთან ხშირი და აქტიური კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა ენტონი ბლინკენმაც. მისი თქმით, დოკუმენტების გავრცელების შემდეგ, ვაშინგტონმა პარტნიორებთან კომუნიკაციისას მათ მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა და აშშ-ის მიერ დაზვერვის დაცვის ვალდებულებაში დაარწმუნა.

ბლინკენმა კონკრეტულ საიდუმლო დოკუმენტებზე, სადაც წერია, რომ უკრაინა თავდასხმებს მისი ტერიტორიის გარეთ ახორციელებდა, კომენტარისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას შეეხება. 

"ჩვენ შესაბამის რჩევებს ვაძლევთ, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ - ეს არ არის საიდუმლო. მაგრამ უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებებს იმაზე, თუ როგორ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები". - დასძინა ბლინკენმა. 

რა წერია აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებში?

WP-მ დოკუმენტები, რომლებზეც ცნობები აქამდე არ არსებობდა, თებერვალსა და მარტში მოიპოვა, როცა ისინი სოციალურ ქსელ Discord-ზე გავრცელდა. აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, ზოგიერთი დოკუმენტი ავთენტურია და ამხელს აშშ-ის ძირითადი მოკავშირეების, მათ შორის სამხრეთ კორეის, ისრაელისა და უკრაინის დაზვერვის მასშტაბებს.

CNN-ის მიხედვით, დოკუმენტებიდან ვიგებთ იმასაც, რომ აშშ-ს საკუთარი წყაროები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფშიც ჰყავს, რომლებსაც ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. 

დოკუმენტებში საუბარია უკრაინაზეც - უკრაინის მთავარ სისუსტეებზე შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონების ზომებსა და რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის წინ ძალების მობილიზებაში. 

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, აშშ ფარულად ინფორმაციას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც აგროვებდა. ზელენსკისთან დაახლოებული წყაროს თქმით, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნები გაჟონვით ღრმად იმედგაცრუებული არიან. 

კიდევ ერთი დოკუმენტი დეტალურად აღწერს სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსნის დიალოგს, რომლებიც აშშ-ს მიერ უკრაინაში გასაგზავნი საბრძოლო მასალის მოთხოვნით შეშფოთებული იყვნენ. 

მაღალჩინოსნები შიშობდნენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელსაც შემდეგ აშშ უკრაინაში გაგზავნიდა, დაარღვევდა სამხრეთ კორეის პოლიტიკას, რომელიც ომში მყოფი ქვეყნებისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას კრძალავს. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წამოაყენა იდეა, რომ პრობლემისთვის გვერდის ასავლელად კორეას შეეძლო იარაღი პოლონეთისთვის მიეყიდა. 

დოკუმენტებმა აღშფოთება გამოიწვია იერუსალიმშიც. დაზვერვის ანგარიშებში, რომელიც, სავარაუდოდ CIA-ის მიერაა მომზადებული, წერია, რომ ისრაელის მთავარი სადაზვერვო, მოსადი ქვეყნის ახალი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტებს ახალისებდა, "მათ შორის, იყო აშკარა მოწოდებები მოქმედებისკენ". 

კომენტარები