ChatGPT

აშშ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესაძლო წესების შესწავლას იწყებს 

11 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ის ითხოვს საჯარო კომენტარებს ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების ანგარიშვალდებულებაზე, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მას ეროვნულ უსაფრთხოებასა და განათლებაზე გავლენა უკვე აქვს.

ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება კითხვების ფართო სპექტრზე პასუხების სწრაფად დაწერის უნარის გამო, ამავდროულად აღმოჩნდა ამერიკელი კანონმდებლების ყურადღების ცენტრშიც, რადგან ის გახდა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია ყოველთვიურად 100 მილიონი აქტიური მომხმარებლით.

სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციის ეროვნულ ადმინისტრაციას (NTIA), რომელიც თეთრ სახლს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში რჩევებს აძლევს, სურს ხელოვნური ინტელექტის სანდოობის გამოკვლევა, რადგან არსებობს "მზარდი მარეგულირებელი ინტერესი" ხელოვნური ინტელექტის ანგარიშვალდებულების მექანიზმის მიმართ.

სააგენტოს სურს იცოდეს, არის თუ არა ზომები, რომლებიც შეიძლება მიიღონ, რათა უზრუნველყონ, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები ლეგალური, ეფექტური, ეთიკური, უსაფრთხო და სანდო იყოს.

"AI სისტემებს შეუძლიათ უზარმაზარი სარგებლის მოტანა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვეცოდინება მათი პოტენციურ შედეგებისა და ზიანის შესახებ. იმისათვის, რომ ამ სისტემებმა მიაღწიონ თავიანთ სრულ პოტენციალს, კომპანიებმა და მომხმარებლებმა უნდა შეძლონ მათი ნდობა." - თქვა NTIA-ს ადმინისტრატორმა, ალან დევიდსონმა.

ChatGPT, რომელმაც კითხვებზე სწრაფი პასუხებით მომხმარებლები აღაფრთოვანა, მომხმარებელთა ნაწილში პასუხების უზუსტობამ უკმაყოფილება გამოიწვია. 

"ჩემი აზრით, ტექნიკურ კომპანიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქტები უსაფრთხოა, სანამ ისინი საჯარო გახდებიან" - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას.

ტექნიკური ეთიკის ჯგუფმა, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პოლიტიკის ცენტრმა, სთხოვა აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიას, შეეჩერებინა OpenAI-ს GPT-4-ის ახალი კომერციული რელიზების გამოცემა, ვინაიდან ის იყო "მიკერძოებული, მატყუარა და კონფიდენციალურობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი".

კომენტარები