8 აპრილს საფრანგეთის მთავრობამ უარყო, რომ ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში იმყოფებიან. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, Le Monde ავრცელებს.
"უკრაინაში ოპერაციებში ფრანგული ძალები არ მონაწილეობენ [...] დოკუმენტები ფრანგი სამხედროებისგან არ ვრცელდება. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს დოკუმენტებზე, რომელთა წყაროც გაურკვეველია." - უთხრა ფრანგულ გამოცემას შეიარაღებული ძალების მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს წარმომადგენელმა.
გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, სადაც დეტალურადაა აღწერილი უკრაინის საგაზაფხულო სამხედრო შეტევის გეგმები, ფრანგი ჯარისკაცები უკრაინის ბრძოლის ველზე იყვნენ.
"დოკუმენტების ერთმა გვერდმა აჩვენა, რომ სპეცოპერაციის მცირე კონტინგენტი, ასზე ნაკლები სამხედრო NATO-ს წევრი საფრანგეთიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან და ლატვიიდან უკვე აქტიური იყო უკრაინაში." - წერს ბრიტანული გამოცემა Guardian.
New York Times-ის ცნობით, Twitter-სა და Telegram-ზე ვრცელდება დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევისთვის მოსამზადებელ გეგმასთან დაკავშირებით აშშ-სა და NATO-ს საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
როგორც პენტაგონი იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით. სპეციალისტები მუშაობენ დოკუმენტების სოციალური მედიიდან წაშლაზე.
New York Times-თან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტების შინაარსი დიდი ალბათობით შეცვლილია. ეს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყოს, ვინაიდან დოკუმენტში უკრაინის დანაკარგები გადაჭარბებულად არის შეფასებული, ხოლო რუსეთის - პირიქით.
"რუსი ბლოგერები შეშფოთებით გამოეხმაურნენ გავრცელებულ და შეცვლილი აშშ-ის სამხედრო დოკუმენტებს უკრაინაში ომის შესახებ, რაც რუსეთის საინფორმაციო სივრცეში უკრაინის მომავალი კონტრშეტევის პერსპექტივის შესახებ მუდმივ შიშზე მიუთითებს." - წერს ISW.





