რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინის კონტრშეტევაზე გავრცელებული დოკუმენტები რუსეთის მუდმივ შიშზე მიუთითებს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევის გეგმასთან დაკავშირებით შეცვლილი და გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტები რუსეთის საინფორმაციო სივრცეში უკრაინის კონტრშეტევის შიშზე მიუთითებს.

"რუსი ბლოგერები შეშფოთებით გამოეხმაურნენ  გავრცელებულ და შეცვლილი აშშ-ის სამხედრო დოკუმენტებს უკრაინაში ომის შესახებ, რაც რუსეთის საინფორმაციო სივრცეში უკრაინის მომავალი კონტრშეტევის პერსპექტივის შესახებ მუდმივ შიშზე მიუთითებს." - წერს ISW.

ამასთან, როგორც ომის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში წერია, საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის ანალიტიკოსმა არიკ ტოლერმა აღნიშნა, რომ დოკუმენტები ინტერნეტში ჯერ კიდევ 4 მარტს გავრცელდა და გაურკვეველია, თუ რატომ მიაღწია დასავლურ მედიამდე მან ერთი თვის დაგვიანებით. 

New York Times-ის ცნობით, Twitter-სა და Telegram-ზე ვრცელდება დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევისთვის მოსამზადებელ გეგმასთან დაკავშირებით აშშ-სა და NATO-ს საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს

როგორც პენტაგონი იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით. სპეციალისტები მუშაობენ დოკუმენტების სოციალური მედიიდან წაშლაზე. 

New York Times-თან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტების შინაარსი დიდი ალბათობით შეცვლილია. ეს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყოს, ვინაიდან დოკუმენტში უკრაინის დანაკარგები გადაჭარბებულად არის შეფასებული, ხოლო რუსეთის - პირიქით. 

New York Times-ის ინფორმაციით, დოკუმენტებში აღწერილი არაა  სად, როდის და როგორ აპირებს უკრაინა კონტრშეტევის წარმართვას, თუმცა მათში ბევრი მინიშნებაა სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.

კომენტარები