რუსეთი

რუსეთში ადმინისტრაციული შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის 2 პირს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

BBC

ეკატერინბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სამხედრო სასამართლომ პოლიციის სერჟანტს, რომან ნასრიევსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ალექსეი ნურიევს საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული შენობისთვის ცეცხლის წაკიდების გამო 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გამომძიებლების თქმით, გასული წლის 11 ოქტომბრის ღამეს ნასრიევმა და ნურეევმა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეწინააღმდეგებოდნენ, ქალაქ ბაკალის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე ფანჯარა ჩაამსხვრიეს და შენობას, სადაც სამხედრო კომისარიატი იყო განთავსებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.

ბრალდებულები არ უარყოფდნენ ცეცხლის წაკიდების ფაქტს, მაგრამ არ ეთანხმებოდნენ ტერორისტული მუხლით წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას.

რომან ნასრიევმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მან სამხედრო კომისარიატსა და გაწვევის ოფისს ცეცხლი წაუკიდა, რადგან "არ ეთანხმებოდა მობილიზაციას, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" და ზოგადად ომს".

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომლის თანახმად მსჯავრდადებულებს ციხეში 4 წლის გატარება მოუწევთ, ხოლო დანარჩენ 15 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებენ. 

კომენტარები