თბილისის მერია

ვგეგმავთ, გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შევიტანოთ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კალაძის განცხადებით, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა.

"ვგეგმავთ, გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შევიტანოთ. მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე". - თქვა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც მისივე განცხადებით, შერჩეული გადაწყვეტის ეფექტურობაზე მიუთითებს.

კომენტარები