ჟურნალისტების აკრედიტაცია

GDI: ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერება არაკონსტიტუციურია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] საქართველოს პარლამენტის მიერ კრიტიკული ტელეკომპანიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"2023 წლის 6 აპრილს საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის სამ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, კერძოდ, „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თათია წოწონავას და ოპერატორს ზუკა ჩხვირკიას. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის წარმომადგენლებმა დეპუტატებს კითხვები დაუსვეს აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებასა და ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით." - წერია განცხადებაში.

2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. 

"მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთანაც, რითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია." - წერს GDI.

კომენტარები