მაიკლ კ. უილიამსი

მსახიობ მაიკლ კ. უილიამსის ზედოზირებით დაღუპვის საქმეზე ნარკომოვაჭრე დამნაშავედ ცნეს

Befunky

სერიალ The Wire-ის მსახიობის, მაიკლ კ. უილიამსის ზედოზირებით დაღუპვის საქმეზე სასამართლომ ნარკომოვაჭრე დამნაშავედ ცნო.

ბრალდებული 39 წლის ირვინ კარტაგენა მეტსახელად Green Eyes არის, რომელმაც მსახიობს ფენტანილი გაზავებული ჰეროინი მიყიდა. ფენტანილი ჰეროინზე გაცილებით ძლიერი მოქმედების ნივთერებაა, უილიამსი უნებლიე ზედოზირებით, 54 წლის ასაკში 2021 წელს გარდაიცვალა.

სასამართლოზე წარმოდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ ყიდულობს უილიამსი კარტაგენასგან ნარკოტიკს.

კარტაგენას ბრალად ედება არალეგალური სუბსტანციით ვაჭრობა, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. დანაშაული 5-დან 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, საბოლოო განაჩენი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.


მაიკლ კ. უილიამსი ბრუკლინში დაიბადა და გაიზარდა. ჯენეტ ჯექსონის ალბომ Rhythm Nation 1814-ით შთაგონებულმა დროებით სამსახურს თავი დაანება და მოცეკვავის კარიერას მიჰყო ხელი. ითამაშა კლიპებში მადონასთან, ჯორჯ მაიკლთან და კრისტალ უოტერსთან.

პირველი როლი 1996 წელს ფილმ Bullet-ში შეასრულა. საყოველთაო პოპულარობა და კრიტიკოსების აღიარება 2002 წელს სერიალ The Wire-ში შესრულებული ომარ ლითლის როლმა მოუტანა. მოგვიანებით HBO-ს კიდევ ერთ სერიალ The Boardwalk Empire-ში განასახიერა ჩოკი უაითი. მიღებული აქვს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

კომენტარები