რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ჰგავს" – რუსეთის ეკონომიკა ომიდან ერთ წელში

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ჰგავს" – რუსეთის ეკონომიკა ომიდან ერთ წელში

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ პირველ თვეებში ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია, რამაც მოსკოვს მოულოდნელად დიდი მოგება მოუტანა. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ეს დღეები წარსულს ჩაბარდა. 

რუსეთის უდიდესმა ექსპორტიორებმა, გაზმა და ნავთობმა ევროპელი მომხმარებლები დაკარგეს, რომელზეც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 40% მოდიოდა. ნოემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით რუბლი დოლართან 20%-ით გაუფასურდა. ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადებამ და ახალგაზრდების ფრონტზე გადასხმამ, ისევე, როგორც გაწვევის შიშით საზღვარზე გაზრდილმა მობილობამ, სამუშაო ძალა დრამატულად შეამცირა. 

"რუსეთის ეკონომიკა გრძელვადიან რეცესიაში შედის". - აღნიშნავს ალექსანდრა პროკოპენკო. პროკოპენკო რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი წარმომადგენელია, რომელმაც ომის დაწყებიდან მალევე თანამდებობა დატოვა. 

მართალია, არ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სანქციების ეკონომიკური გავლენა მოკლევადიან პერსპექტივაში იმდენად დიდია, რომ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი შეუშალოს, თუმცა სახელმწიფო შემოსავლების კლება ამწვავებს პუტინის მთავარ დილემას - როგორ შეუთავსოს უზარმაზარი სამხედრო ხარჯები სუბსიდიებსა და სოციალურ დახმარებებს, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

დასავლელი ინვესტორების ბაზრიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვი სულ უფრო და უფრო მეტად ეყრდნობა ჩინეთს. The Wall Street Journal-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ძალიან მალე, მოსკოვი თავისი დიდი ხნის შიშის პირისპირ აღმოჩნდება, რომელიც მისი სამხრეთ მეზობლის ეკონომიკურ კოლონიად ქცევას უკავშირდება. 

"მიუხედავად რუსეთის ეკონომიკის შედარებითი მდგრადობისა მოკლე პერიოდში, გრძელვადიანი სცენარი მძიმეა: მოსკოვი ბევრად იზოლირებული და ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებული გახდება". - ამბობს ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი, მარია შაგინა.

რას წერს კრემლი?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 მარტს მთავრობასთან შეხვედრისას აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებს შესაძლოა მართლაც ჰქონდეს "ნეგატიური გავლენა" რუსეთის ეკონომიკაზე. პუტინის საჯარო აღიარება იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე კრემლში მოელოდნენ.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, 14 მარტს, პუტინი დასავლეთის სანქციების ეფექტიანობას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ რუსეთის ეკონომიკური სუვერენიტეტი იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე ოდესმე. პუტინის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, კრიტიკოსების განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ოპტიმისტური ტენდენციები მონაცემების არასრულ და განზრახ არასწორ ინტერპრეტაციას ემყარებოდა. 

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 2%-ით შემცირდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დავუშვებთ, რომ კრემლის სტატისტიკა სანდოა, რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა მოკლევადიან პერიოდში რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. პირველ რიგში, ეს სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაზრდაა, თუმცა, ტანკებისა და რაკეტების წარმოება ცხოვრების დონეს არ აუმჯობესებს და რუსეთის მშპ-ს ეს ნაწილი ბრძოლის ველზე სწრაფად განადგურდება. მეორე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის მაღალი შემოსავლები ომის დასაწყისში ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. ხოლო მესამე ფაქტორი დასავლეთის მიერ ტექნოლოგიურ დეტალებსა და სხვა საქონლებზე დაწესებული ემბარგოს გამო შემცირებული იმპორტია. კრემლის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში იმპორტი 10%-ით შემცირდა. 

მოსკოვის სტატისტიკით, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტლებში 4%-ით შემცირდა. გარდა იმისა, რომ რუსეთი ოფიციალურ სტატისტიკას დაგვიანებით აქვეყნებს, მონაცემები არასრულია - ჯერ კიდევ უცნობია 2022 წლის მე-4 კვარტლის შედეგები. 

რეალურად, თუ მთლიანი წლის რეცესიის მაჩვენებელი 2.1%-ია, ხოლო რუსეთი პირველი სამი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, გამოთვლების მიხედვით, მეოთხე კვარტალში დაახლოებით 4%-იანი კლება უნდა დაფიქსირებულიყო. თუმცა რუსეთის ოფიციალურ სტატისტიკაში მონაცემები უფრო მძიმე სურათზე მიგვითითებს. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში სამრეწველო და საცალო გაყიდვების ყველაზე მკვეთრი წლიური ვარდნა დაფიქსირდა, რაც ბოლო სამ წელში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე, 2022 წლის ბოლოს ნავთობზე ფასები მასიურად დაეცა, რამაც ექსპორტი შეამცირა. გარდა ამისა, მეოთხე კვარტალში შედარებით გაიზარდა იმპორტიც, ანუ, ხარჯები, რაც თავისთავად უარყოფითად აისახებოდა მშპ-ზე. 

დარგობრივად, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტად ავტომობილების წარმოება გაიზარდა და 45% შეადგინა. ოფიციალურად, 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 12%-იან ნიშნულს მიაღწია, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ გაზრდილა და კვლავ 4%-ია.

კულისებს მიღმა

იმ ვარაუდებზე მნიშვნელოვანი, თუ რას შეიძლება გამოეწვია სანქციების წინააღმდეგ მოსკოვის შედარებითი რეზისტენტულობა, ისაა, რომ კრემლის სტატისტიკის ნდობა შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ რუსეთმა ეკონომიკური მონაცემები საინფორმაციო ომის ცენტრალურ ნაწილად აქცია. მოსკოვის მიზანი ნათელია: ის ცდილობს, დააკნინოს სანქციების ეფექტიანობა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეზღუდვები უკრაინაში ომის შეჩერების, ან შეკავების იარაღია. 

გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის (SWP) ეკონომისტის, იანის კლუგეს გამოთვლებით, მხოლოდ დასავლეთის სანქციებით რუსეთის ეკონომიკა გასულ წელს 10%-ით შემცირდა. ეკონომისტის განმარტებით, უკრაინის მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისი რუსეთში.

კრემლის სტატისტიკის პარალელურად, მოსკოვში მდებარე გაიდარის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის ცნობით, 1993 წლის შემდეგ რუსეთის შრომის ბაზარზე ყველაზე კრიზისული სიტუაციაა. ცენტრალური ბანკის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ხალხის გადინებისა და მოგვიანებით მობილიზაციის გამოცხადებამ ბიზნესის დაახლოებით ნახევარი მუშახელის დეფიციტის პრობლემის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მექანიკოსებსა და შემდუღებლებზე. 

ავიაქარხანაში ბოლო ვიზიტისას პუტინმა თქვა, რომ სამუშაო ძალის დეფიციტი სამხედრო წარმოებას აფერხებს. მისი მტკიცებით, მთავრობა პრიორიტეტული პროფესიების სიას ამზადებს.

მუშახელის არარსებობასთან ერთად, კომპანიებს დასავლური ტექნოლოგიური დეტალების იმპორტის ემბარგოსთან გამკლავებაც უწევთ. მოსკოვმა ჩინეთიდან ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების იმპორტი გაზარდა, თუმცა ბევრი სექტორისთვის, მათ შორის, ავიაკომპანიებისთვის დასავლური საქონლის ჩანაცვლება და საქონლის პროგრამული უზრუნველყოფა ჯერ კიდევ მთავარ სირთულედ რჩება. 

"ეს დაახლოებით საბჭოთა დროში დაბრუნებას ჰგავს, როცა ყველაფერს თავად აწარმოებდნენ. თითქმის შეუძლებელი იქნება დასავლური იმპორტის სწორად ჩანაცვლება". - ამბობს ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის ეკონომისტი, ვასილი ასტროვი.

ცენტრალური ბანკის ანალიტიკოსებმა რუსეთში ომის შემდეგ პერიოდს უკუინდუსტრიალიზაცია უწოდეს. ნოვგოროდში დაფუძნებული IT კომპანიის დირექტორის, ილია კოროვენკოვის თქმით, ომამდე მომხმარებლებისგან ხშირად ახალი და ინოვაციური შეკვეთები შემოდიოდა, ახლა კი კომპანია მხოლოდ არსებული სისტემების შენარჩუნებას ცდილობს

"ეს ლოგიკურია. ჩვენ ისიც არ ვიცით, თუ რა მოხდება შემდეგ თვეში". - ამბობს ის.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ცნობით, 2023 წლის თებერვალში რუსეთის ნავთობის შემოსავლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სანქციები მუშაობს. სააგენტოს მიხედვით, თვიური შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდებთან შედარებით დაახლოებით 40%-ით მცირდება. მეორე მხრივ, ამ სიტუაციით სარგებლობენ ჩინეთი და ინდოეთი. 

მას შემდეგ, რაც გასულ წელს დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და ენერგორესურსების იმპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაციას მიმართა, რუსულ გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთმა და ინდოეთმა გაზარდეს. რეალურად, ამ ქვეყნებს რუსეთის ენერგოსექტორის გადარჩენასა და შენარჩუნებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით. 

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთისა და ჩინეთის ენერგეტიკული შესყიდვები კრემლისთვის მისასალმებელი სიახლეა, სასაქონლო ეკონომიკის შესანარჩუნებლად საჭიროა კაპიტალი. რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას თქმით, რუსეთი მალე ნაღდი ფულის ამოწურვის საფრთხის წინაშე დადგება.

"მომავალ წელს [რუსეთში] ფული არ იქნება, უცხოელი ინვესტორები გვჭირდება". - თქვა დეპასკამ 2 მარტს ციმბირში გამართულ ეკონომისტთა კონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა მოკლევადიანი პერიოდის მიზანს ვერ მიაღწია და უკრაინაში ომი ვერ შეაჩერა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკის ტრაექტორია მთლიანად შეცვალა. ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის შავ ყუთად ქცევა და მისი იზოლირება სანქციების არაეფექტიანობის სასარგებლოდ მოყვანილ არგუმენტებს დამაჯერებელს გახდის, თუმცა, რაც უფრო დიდი დრო გადის, დასავლელი ინვესტორების გარეშე დარჩენილი რუსული ბაზარი და სწრაფად მზარდი დამოკიდებულება ჩინეთზე "ეკონომიკურ სუვერენინტზე" პუტინის საუბრებს მხოლოდ და მხოლოდ კომიკურობას მატებს.

კომენტარები