რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

Sputnik/Vladimir Astapkovich/Kremlin via REUTERS

5 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა. ლუკაშენკო რუსეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. როგორც ლიდერები აღნიშნავენ, მოლაპარაკებების მიზანი ერთობლივი თავდაცვის გეგმის შემუშავება და საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის განხილვაა. 

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად ყველა მიმართულებით ბევრს მივაღწიეთ. ხვალ ამ ყველაფერს განვიხილავთ. ეს მოიცავს საერთაშორისო ასპარეზზე  ჩვენს თანამშრომლობასა და  ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტას". - აღნიშნა შეხვედრისას პუტინმა. შეხვედრა სახელმწიფო მედიამ გააშუქა. 

შეხვედრისას პუტინსა და ლუკაშენკოს კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. 

გასულ კვირას კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პრეზიდენტები უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით ლუკაშენკოს მოწოდებას განიხილავდნენ. 


ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

"გავრისკავ და წარვადგენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. ზავის გამოცხადებას ორივე მხრიდან ჯარების გადაადგილების, გადაჯგუფების უფლების გარეშე, იარაღისა და საბრძოლო მასალების, ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის გადასროლის უფლების გარეშე". - თქვა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი "უკრაინის საზღვარზე ოდნავი მოძრაობა შეინიშნება", რუსეთი იძულებული გახდება, სრული საბრძოლო მასალა და არმია გამოიყენოს იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაცია თავიდან აირიდოს.

კომენტარები