ქართული ოცნება

კალაძე: აღდგომის შემდეგ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, ერთად უნდა გავიჭირვოთ

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე აღდგომის დღესასწაულის შემდეგ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას აანონებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამასთან განახლდება წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელები, რისთვისაც გამზირის დროებით გადაკეტვა იქნება საჭირო.  დაგეგმილია დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაც.

"აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება და ასევე, შალიკაშვილის ხიდის, ე.წ დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე , როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, განხორციელდება სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც არის უმძიმეს მდგომარეობაში,  განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. კონკრეტული ადგილებია, სადაც გზა ჩავარდნილია.

[...] ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი პრობლემაა ამ გამზირის გადაკეტვა, რომელიც გამოიწვევს დიდ დისკომფორტს გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა შეუძლებელია ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოების წარმოება თუ არ მოხდება აღნიშნული გამზირის დროებით გადაკეტვა იმისთვის, რომ მიწისქვეშ არსებული მდგომარეობა და კომუნიკაციები, რომელიც ათეული წლებია არ შეცვლილა, არ გავაკეთოთ". - თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

მერის განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ მსგავსი პრობლემები ისევ წარმოიქმნება.

" შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება არ არის აუცილებელი და მხოლოდ მოხდეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, მაგრამ ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხები იმიტომ, რომ თუ ჩვენ დღეს არ შევცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ხვალ ახალ საგზაო ინფრასტრუქტურაზე გვექნება იგივე პრობლემები - გზების ჩავარდნები, ამორტიზებული, გადაადგილება პრობლემა, რაც დიდი პრობლემას გამოიწვევს. ამიტომ, ერთად უნდა გავიჭირვოთ და უნდა გავაკეთოთ, რაც აუცილებლად გასაკეთებელია". - თქვა კალაძემ.

კომენტარები