რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტერორიზმში ბრალდებულ დარია ტრეპოვას სასამართლომ ივნისამდე პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დარია ტრეპოვას რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის გამო ტერორისტულ დანაშაულში ოფიციალურად წაუყენა ბრალი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნით, ტრეპოვა 2 ივნისამდე პატიმრობაში დარჩება.

26 წლის ტრეპოვას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ბრალი წაუყენეს "ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტში, რამაც გამოიწვია ადამიანის განზრახ სიკვდილი" და "ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ტარებაში". ამის შესახებ 4 აპრილს მოსკოვის ბასმანის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებიც რუსი სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის აფეთქების წინ, კაფე სტრიტ-ფუდ ბარ N1-ში გადაიღეს. 

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბრალდებით, სამხედრო კომენტატორი ვლადლენ ტატარსკის აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურებმა, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების, კორუფციასთან ბროძლის ფონდის მონაწილეობით დაგეგმეს.

"2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტი ვლადლენ ტატარსკის მიმართ ჩადენილი ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, იმ აგენტურის პირების მონაწილეობით, რომლებიც თანამშრომლობენ ნავალნის ე.წ. კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან, რომლის აქტიური მხარდამჭერიცაა დარია ტრეპოვა". – ნათქვამია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

ტატარსკი, რომელიც 2014 წელს დონბასში ომის დაწყების დროს ციხიდან გაიქცა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი სამხედრო ბლოეგერი იყო, რომელსაც ტელეგრამ-არხზე 560 000-მდე გამომწერი ჰყავდა. მას კავშირები ჰქონდა როგორც კრემლში, ისე რუს ნაციონალისტებთან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან. ტატარსკი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაეფექტიან მოქმედებებს უკრაინის ომში.

 

კომენტარები