საქართველო-ევროკავშირი

"შანტაჟი მიუღებელია" – კრამონი პრემიერის განცხადებაზე სტატუსთან დაკავშირებით

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულას ეთერში საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილა.

ევროპარლამენტარმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თუ ევროპას საქართველოში პოლარიზაციის დასრულება სურს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს, შანტაჟი უწოდა. 

"ეს შანტაჟის ფორმაა. შანტაჟი მიუღებელია, ალბათ დამეთანხმებით. მნიშვნელოვანია, რომ მან თავის პასუხისმგებლობებს გადახედოს, რისი გაკეთების საშუალება აქვს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პოლარიზაცია ქვეყნის პრობლემას აღარ წარმოადგენდეს. მათ უნდა დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც ევროპამ წაუყენა. შეფასებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ევროკომისია. ისინი განიხილავენ პოლარიზაციის შესამცირებლად ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ეს განცხადება ქართულ ოცნებას ნამდვილად არ წაადგება. არ არის სწორი, რომ შანტაჟის გზას მიმართო. ერთი თითის დატკაცუნებით ყველაფერი არ გადაწყდება და დასრულდება. ეს პროცესია. მზაობა და ნება გახლავთ საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩანერგოთ თქვენს პოლიტიკურ სტრატეგიაში. რატომ მიიღო მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი? რადგან პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა მოიწვიეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და ერთიანად დაიწყეს მუშაობა მოლდოვის უკეთესი მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მათ ჰქონდათ შეხვედრები, გადაწყვიტეს ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა ევროპული მომავლისთვის. ეს არ იყო ერთი პარტია, ერთი ჯგუფი. ეს იყო ერთიანი ქვეყანა. საქართველოც ასე უნდა მოიქცეს". - აღნიშნა კრამონმა. 

კომენტარები