აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ლომჯარია: ის, რომ ლაზარემ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, მტკიცებულებებში არ ჩანს

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ლაზარე გრიგორიადისის დაჭერას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან აქციის მონაწილეების დემონიზებას აქვს ადგილი. ამასთან, მისი თქმით, მტკიცებულება, რომ ლაზარემ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, არ არსებობს.

"პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების  პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ." - წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.


31 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ტაბულას სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

კომენტარები