ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ხვადაგიანი: შევიკრიბებით ყოველ შაბათს მანამ, სანამ ლაზარე არ გათავისუფლდება

შემდეგ შაბათს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ლაზარეს აღდგინების დღესასწაულს და ლაზარე არა მარტო რელიგიური სიმბოლოა ქართველებისთვის, არამედ ის არის სეკულარული სიმბოლო, რადგან ის ქართველებმა დავუკავშირეთ სამშობლოს, ქართულ ენას - კი, გვტანჯავენ; კი, გვებრძვიან, მაგრამ დამარხულებიც კი აღვდგებით. ასეთი სიმბოლოა ლაზარე. 

ასევე, სიმბოლურად მეჩვენება, რომ ქართულმა ოცნებამ მსხვერპლად ლაზარეს სახელის მქონე ადამიანი შეარჩია. თან კიდევ უფრო ამყარებს ამ სიმბოლოს ის აშკარა უსამართლობა, რაც ლაზარეს გარშემო ხდება. 

ეს რომ ნამდვილად უსამართლობაა შეგვიძლია კარგად დავინახოთ მთავრობის ლიდერთა განცხადებებშიც, რომლებმაც ჯერ გაშავება დაიწყეს აქციის მონაწილეების - ჩამოთვალეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც "აშავებდნენ" აქციის მონაწილეებს. თითქოს ისინი იყვნენ სატანისტები, ტატუიანი, პირსინგიანი ხალხი და მერე უკვე მონახეს მსხვერპლი - ამ აღწერილობასთან შესაბამისი ადამიანი. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და ეს უსამართლობა ცხადია ყველასთვის.

რატომღაც კობახიძეს ჰგონია, რომ ისეთი უსახურია ქართველი ხალხი, როგორც თვითონ და ჰგონია, რომ შინაარს არ მივაქცევთ ყურადღებას. ამ უსამართლობაზე თვალს დავხუჭავთ, რადგან შეიძლება გარეგნობით არ მოგვეწონოს ადამიანი. 

გვინდა, რომ ვაჟას სიტყვებით ვთქვათ ჩვენი სათქმელი - "ბიჭობა ათასი სახის მქონეა" და გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მთავარია შინაარსი და ჩვენ ამ შინაარსის დასაცავად ვდგავართ. 

ლაზარეს აღდგინება შაბათსაა, ამიტომ შევიკრიბებით ყოველ შაბათს მანამ, სანამ ეს უსამართლობა არ დასრულდება. 

ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი. დღეს, პირველ აპრილს ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 20:00-ზე დაიწყება.

კომენტარები