რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, "2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი" წარადგინეს.
აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას თქმით, სენატში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის ფონზე, ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის.
დოკუმენტი შავი ზღვის რეგიონების მიმართ აშშ-ს უფრო აქტიურ და გადამწყვეტ საგარეო პოლიტიკას ითვალისწინებს. მათ შორის გაძლიერებულ კოორდინაციას აშშ-ს, NATO-სა და ევროკავშირს შორის. ასევე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას აშშ-სა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის.
კანონპროექტი უწყებათაშორისი სტრატეგიის წარდგენას მისი მიღებიდან 180 დღის შემდეგ მოითხოვს.
სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი გულისხმობს გაზრდილ დახმარებას უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და საქართველოსთვის; რეგიონში რუსული ოპერაციებისთვის სადაზვერვო სისტემების პრიორიტეტიზაციას; ერთობლივი მრავალეროვნული შტაბის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც პასუხისმგებელია წვრთნების დაგეგმვაზე, შავ ზღვაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ყველა სამხედრო აქტივობის კოორდინაციას და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას.
"შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის აქტი" განსახილველად აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია გადაგზავნილი.