რუსეთი-მოლდოვა

მიშელი: ვგმობთ რუსეთისგან მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობებს

Aurel Obreja/AP

28 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა და რთულ გზაზე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მიშელის თქმით, მოლდოვა რუსეთის სამიზნე გახდა.

“რუსეთი აგრძელებს უკრაინის თავისუფალ ხალხზე თავდასხმას. მოლდოვაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. თქვენ სულ უფრო ხშირად ხდებით რუსეთის მავნე დაზვერვის სამიზნე. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთი და მისი მარიონეტები სულ უფრო მეტად ცდილობდნენ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას, ენერგეტიკის, კიბერშეტევების, საპროტესტო აქციების მოწყობას და სხვა დამაზიანებელ ქმედებებს. და ჩვენ მკაცრად ვგმობთ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს.” - ამბობს შარლ მიშელი.

მიშელის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება რუსულ საფრთხეს სიმტკიცითა და გამბედაობით უმკლავდება და ევროკავშირი ქვეყნის მხარდაჭერას არა მარტო სიტყვით, არამედ ქმედებითაც აგრძელებს.

“თქვენ უპასუხეთ ამ საფრთხეებს - და რუსეთის ომს - გამბედაობითა და სიმტკიცით. ჩვენ სრულიად ვენდობით [მოლდოვის] ხელისუფლებას, რომ გაუმკლავდება ყველა ამ საფრთხეს.

ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს მოლდოვის ხალხს ამ რთულ დროს. თქვენ მარტო არ ხართ. გასულ წელს ჩვენ მოვაბილიზეთ 1 მილიარდ ევროზე მეტი მოლდოვის გაძლიერებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქმედებებით. და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ მეტი.” - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში დეტალურად არის აღწერილი მოლდოვის დესტაბილიზაციის სქემა, რაც პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, მართლმადიდებლური ეკლესიით მანიპულირებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მოიცავს. დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმით არის ნახსენები მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების შეფერხების აუცილებლობა და მისი მიზანი ქვეყნის დასავლეთის კურსიდან ჩამოშორებაა. 

გეგმის მიხედვით, მოლდოვა რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული უნდა გახდეს და მისი გავლენა დნესტრისპირეთის რეგიონში უნდა შემცირდეს.

როგორც CNN-ი იუწყება, დოკუმენტი სახელწოდებით - "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ 2021 წელს არის შედგენილი და 10 წელზეა გაწერილი.

კომენტარები