რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ტულის ოლქში მომხდარ აფეთქებას უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატს აბრალებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების Ту-141 Стриж-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსულ მედიასთან სახელმწიფო უწყებები ამბობენ, რომ ტულის ოლქში მომხდარი აფეთქების მიზეზი ასაფეთქებლებით დატვირთული უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი Ту-141 Стриж-ი არის.

რუსული მედიის ცნობით, დაშავებულია სამი ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეებს საფრთხე არ ემუქრებათ. 

სამთავრობო მედიები წერენ, რომ ტულის ოლქში, ქალაქ კირეევსკის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი მოსკოვის დროით 15:19-ზე ჩამოვარდა. 

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ცნობებში ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქება დაახლოებით 15:15-ზე გაიგეს. მათი თქმით, ხმა მთელ ქალაქში გაისმა და საკმაოდ მძლავრი იყო. ზოგიერთ შენობას ჩაემტვრა შუშები.

განახლება: როგორც შემდეგში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსმა Поле-21-მა უკრაინული დრონი მწყობრიდან გამოიყვანა და ის სწორედ ამიტომ ჩამოვარდა. 

უკრაინამ Ту-141 ტიპის დრონები სავარაუდოდ 2022 წლის დეკემბერში რუსულ აეროდრომებზე განხორციელებული თავდასხმების დროსაც გამოიყენა. ეს საბჭოთა წარმოების სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებია, რომლებსაც უკრაინული მხარე დიდი ალბათობით მოდერნიზაციას უტარებს.

კომენტარები