ქართული ოცნება

პაპუაშვილი: EED აფინანსებს ტაბულას, რომელიც ფაქტობრივად პარტიული მედიაა

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, ევროპის დემოკრატიის ფონდი [EED] აფინანსებს ტაბულას, რომელიც, მისი შეფასებით, “ფაქტობრივად პარტიული მედიაა”.

ტაბულას დაფინანსების შესახებ პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღემდე ვცდილობ, გავარკვიო რას აფინანსების ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში. ხომ საუბარია, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი? აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, დაფარულია. ფონდი რომელიც არის შექმნილი ევროკავშირის მიერ, მის მმართველობაში არიან ევროკავშირის პარლამენტის წევრები, ნახეთ, ზუსტად ის წევრები, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მფარველები. მისი გამგეობის წევრები არიან მოქმედი დეპუტატები, ისინი განაგებენ ამ თანხას და კაციშვილმა არ იცის, რაში ხარჯავენ ისინი ამ თანხას. საქართველოში ეს არავინ არ იცის, ევროკავშირში ნაკლებად იციან, მათ შორის, მეც მოვიკითხე სხვადასხვა ინსტიტუტებში - არავინ არაფერი არ იცის. არის ფონდი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჩვენთან აფინანსებს დროას, აფინანსებს ტაბულას, რომელიც, ფაქტობრივად, არის პარტიული გაზეთი. ასე აფინანსებს პარტიულ სტრუქტურებს.

ჟურნალისტი: რედაქცია აქვს ტაბულას, სადაც მნიშვნელოვან და საინტერესო სტატიებს წერენ. რატომ არის ეს პარტიული? მედიაორგანიზაციის დაფინანსება რატომ არის პრობლემა, თუნდაც ევროპის დემოკრატიის ფონდიდან?

შალვა პაპუაშვილი: [ტაბულა] პარტიული მედიაა, ისინი არც უარყოფენ ამას, რომ პარტიული მედია არიან. პირდაპირ არიან დაკავშირებული ევროპულ საქართველოსთან, პირდაპირ ატარებენ იმ ხაზს, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს, არიან პროპაგანდისტული მედია. [...] ჩვენს პარტიას აქვს ნიუსლეთერი, რომელსაც ვაგზავნით და არ მგონია, რომ რომელიმე ორგანიზაციამ ჩვენი პარტიის ნიუსლეთერი დააფინანსოს. აღმოჩნდა, რომ თურმე ევროპული საქართველოსას აფინანსებენ.  

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა მოქალაქეებს "ათქმევინეს უარი საკუთარ უფლებაზე, რომ იცოდნენ, რა ხდება მათ ქვეყანაში". 

კომენტარები