რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვში რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატებულობა აშშ-ს საქმე არ არის

"ეს მათი საქმე არ არის, არცერთი ამერიკელის". - ასე უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტს, რომელმაც მას შეკითხვა სი ძინფინგის რუსეთში ვიზიტზე დასავლეთის რეაქციასთან დაკავშირებით დაუსვა.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტი აჩვენებს ჩინეთის განზრახვას, დიპლომატიურად დაფაროს უკრაინაში რუსეთის დანაშაულები. 

რუსეთის პრეზიდენტისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის ერთობლივი სამიტის შემდეგ პუტინმა აღნიშნა:

"როცა დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან, ჩინეთის სამშვიდობო გეგმიდან არაერთი პუნქტი შეიძლება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების საფუძვლად იქცეს. თუმცა რუსეთმა მეორე მხრისგან ამისთვის მზაობა უნდა დაინახოს".

სი ძინფინგის თქმით, ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეს დგას. მისი მთავრობა დიალოგისა და მშვიდობის მომხრეა და მიუკერძოებლობით აპირებს, როგორც თავად ამბობს მომრიგებლის როლის შესრულებას.

სი ძინფინგი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს ქვეყნის გარეთ ჩინეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინელ კოლეგას სი ძინფინგს "ძველი კარგი მეგობარი" უწოდა. პუტინის წერილი ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტამდე გამოქვეყნდა - ამით რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ იგი გლობალურად იზოლირებული არაა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ლიდერების მყარი კავშირი.

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას.

კომენტარები