რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: გვინდა, ყველა ამერიკელმა გაიგოს, რომ უკრაინის გამარჯვება აშშ-ს ინტერესებში შედის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ამერიკელ მეწარმესთან, ფილანთროპთან და ჟურნალ The Atlantic-ის მფლობელთან ლორენ პაუელ ჯობსთან, ჟურნალის მთავარ რედაქტორთან ჯეფრი გოლდბერგთან და ჟურნალისტ ენ ეპლბაუმთან შეხვედრისას თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ  უკრაინა და შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გახდნენ.

მისი თქმით, უკრაინა დიდად აფასებს აშშ-ის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ აშშ-სა და NATO-ს ქვეყნების დახმარებით მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ბევრს სჯეროდა.

"ჩვენი ქვეყანა - და ეს არის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრინციპული პოზიცია - არ აპირებს გაჩერებას და გააგრძელებს აგრესორის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ამისთვის პირველ რიგში იარაღი და საბრძოლო მასალა გვჭირდება". - თქვა მან.

ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერის მაღალი დონის შენარჩუნება, რათა პარტნიორებს ისევე სწამდეთ უკრაინის გამარჯვების, როგორც თავად უკრაინელებს.

"ჩვენი ამოცანაა ამერიკულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რათა ამერიკელებმა იგრძნონ, რომ უკრაინის გამარჯვება შეერთებული შტატების ინტერესებშია". - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მან ასევე შეახსენა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დროს ათასობით უკრაინელი ბავშვი უკანონოდ წაიყვანეს რუსეთში. ანდრეი ერმაკმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი ბავშვების სამშობლოში, ოჯახებში დაბრუნებას და უკრაინა ახლა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

"ეს არის გენოციდის აშკარა გამოვლინება. რუსეთის გეგმა ამ ომში არის უკრაინელი ერის განადგურება. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ გვაქვს არსებობის უფლება". - თქვა მან.

კომენტარები