რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-სგან დამოუკიდებლად, პოლონეთი უკრაინას MiG-29-ის თვითმფრინავებს გადასცემს

პოლონეთმა პირობა დადო, რომ უკრაინაში 4 MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გაგზავნის. პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, თვითმფრინავები, რომლებიც გერმანიის ყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკას ერგო, უკრაინელებს უახლოეს დღეებში გადაეცემათ

"რაც შეეხება MiG-29-ის თვითმფრინავებს, რომლებიც პოლონეთის საჰაერო სივრცეს დღემდე იცავენ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ MiG-ებს უკრაინაში გავგზავნით". - თქვა დუდამ. 

ვარშავაში ჩეხ კოლეგასთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დუდამ უკრაინას პოლონეთისა და ჩეხეთის ერთობლივი მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩეხეთი და პოლონეთი ის ქვეყნებია, რომლებიც აბსოლუტურ ავანგარდში არიან, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება - როგორც ჰუმანიტარული, ისე სამხედრო თვალსაზრისით". - აღნიშნა დუდამ. 

ვარშავა, რომელიც NATO-ს მოკავშირეებშ უკრაინის მძიმე იარაღით მომარაგებაში მოწინავეა, კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებას ალიანსისგან დამოუკიდებლად აპირებს. მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა სხვა ქვეყნებს იმავე ნაბიჯისკენ უბიძგოს. 

ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ MiG-ების უკრაინაში გაგზავნა ალიანსისგან დამოუკიდებელი ნაბიჯია, ეს არ იყო მოულოდნელი პოლონეთისგან და სრულად შეესაბამება მისი NATO-ში წევრობის პირობებს. თუმცა, მართალია, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს ალიანსის დინამიკა - იმოქმედოს, როგორც კატალიზატორმა, რათა უფრო მეტმა მოკავშირემ გადაწყვიტოს უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდება, ან გაანაწყენოს ის ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტში NATO-ს მეტად ჩართვას ეწინააღმდეგებიან, მაგალითად, უნგრეთი. 

პოლონეთის მიერ უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნას თეთრი სახლი გამოეხმაურა.თეთრი სახლის ცნობით, პოლონეთმა "სუვერენული გადაწყვეტილება" მიიღო, თუმცა, ვარშავის ეს ნაბიჯი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს F-16-ების გაგზავნაზე აზრის შეცვლისკენ არ უბიძგებს.

"არ ვფიქრობ, რომ პოლონეთის გადაწყვეტილებების შეფასება ჩვენი საქმეა, თუმცა, ეს არ ცვლის აშშ-ს გადაწყვეტილებას F-16-ებთან მიმართებით. ეს [პოლონეთის] გადაწყვეტილება არის სუვერენული და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. მათ უნდა განსაზღვრონ არა მხოლოდ ის, თუ რას გადასცემენ უკრაინას, არამედ ისიც, თუ რისთვის გადასცემენ ამ იარაღს". - თქვა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

მანამდე, გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფი თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნაში აქტიურობისკენ მოუწოდეს. Politico-ის ინფორმაციით, სენატორები პენტაგონისგან ინფორმაციას ითხოვენ იმაზე, თუ რა არის საჭირო უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნისთვის. წერილში ოსტინს 8 სენატორი მიმართავს.

მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი თვლის, რომ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა ბრძოლის ველზე სხვა საჭიროებებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულია. თეთრი სახლის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის პოზიციას იზიარებს პენტაგონის უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, კოლინ კალიც. გასულ თვეში მან პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის სიტყვით მიმართვისას თქვა, რომ ძველი F-16-ების მიწოდების ყველაზე ოპტიმისტური ვადა დაახლოებით 18 თვეა, ხოლო ახალი თვითმფრინავების წარმოებას საშუალოდ 3-დან 6-წლამდე დასჭირდება.

"[თვითფრინავები] პრიორიტეტულია უკრაინელებისთვის, მაგრამ ის არ არის 3 მთავარი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია და მექანიზებული სისტემები, ასევე ჯავშანტექნიკა - ესაა ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ". - ამბობს კელი.

POLITICO: დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები ოსტინს უკრაინაში F-16-ების გაგზავნისკენ მოუწოდებენ

კომენტარები