რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები ოსტინს უკრაინაში F-16-ების გაგზავნისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფი თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნაში აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს

Politico-ის ინფორმაციით, სენატორები პენტაგონისგან ინფორმაციას ითხოვენ იმაზე, თუ რა არის საჭირო უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნისთვის. წერილში, რომელსაც Politico ავრცელებს, ოსტინს 8 სენატორი მიმართავს.

"რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ახლა კრიტიკულ ფაზაშია. გასულ თვეში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს, უკრაინელ და უცხოელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ გვჯერა, რომ აშშ-მ F-16-ის გადაცემის გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. ეს ნაბიჯი ბრძოლის ველზე უკრაინას მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება". - წერენ სენატორები. 

წერილის ავტორი დემოკრატი სენატორი მარკ კელია. 

Politico-ის ცნობით, სენატორები ოსტინს კვირის ბოლომდე უკრაინისთვის თვითმფრინავების გაგზავნაზე სხვადასხვა შეფასების კრიტერიუმებს თხოვენ. მათ შორის, ცნობებს იმაზე, თუ როგორ აფასებენ უკრაინელი მაღალჩინოსნები F-16-ებს. ასევე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თვითმფრინავები მარაგებიდან გაიგზავნება, თუ უკრაინაში გასაგზავნი F-16-ების წარმოება დაიწყება. სენატორები დაინტერესდნენ იმითაც, თუ რა გავლენას მოახდენს F-16-ები ბრძოლის ველზე და რამდენად მოკლე დროშია შესაძლებელი უკრაინელი მფრინავების გაწვრთნა.

მარკ კელისთან ერთად წერილს ხელს 4 დემოკრატი და 3 რესპუბლიკელი სენატორი აწერს. დემოკრატებს შორის არიან:  ტემი დაქვორთი, ტიმ კეინი, მარტინ ჰაინრიხი და ჯეკი როზენი. ხოლო რაც შეეხებათ რესპუბლიკელებს, წერილს ხელი შემდეგმა სენატორებმა მოაწერეს: ლიზა მურკოვსკი, ტომი ტუბერვილი და ტედ ბადი.

მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი თვლის, რომ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა ბრძოლის ველზე სხვა საჭიროებებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულია. თეთრი სახლის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის პოზიციას იზიარებს პენტაგონის უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, კოლინ კალიც. გასულ თვეში მან პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის სიტყვით მიმართვისას თქვა, რომ ძველი F-16-ების მიწოდების ყველაზე ოპტიმისტური ვადა დაახლოებით 18 თვეა, ხოლო ახალი თვითმფრინავების წარმოებას საშუალოდ 3-დან 6-წლამდე დასჭირდება.

"[თვითფრინავები] პრიორიტეტულია უკრაინელებისთვის, მაგრამ ის არ არის 3 მთავარი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია და მექანიზებული სისტემები, ასევე ჯავშანტექნიკა - ესაა ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ". - ამბობს კელი.

კომენტარები