ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტში Self-Check in-ს და Baggage drop off-ის სისტემებს დავამონტაჟებთ – ქარქაშაძე

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი
facebook.com/AirportsGeorgia

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ამსტერდამში Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში "მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისგან" კონკრეტული შეთავაზებები მიიღო. ქარქაშაძე ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა.

"ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე საინტერესო ფასის, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემა ავირჩიოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამ სისტემებისა და აღჭურვილობების წარდგენას მგზავრებისთვის და უახლოეს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებს დავამონტაჟებთ. რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ქუთაისის აეროპორტის საჭიროებებს.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა - ანუ, როდესაც მგზავრი აეროპორტში მიდის, მას მომსახურე პერსონალთან პირველი კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დროს ექნება, ყველა სხვა პროცედურას თავად გააკეთებს, რაც დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ პერიოდში აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით ისარგებლოს.

ჩვენ ვცდილობთ, რომ საჭირო პროცედურები  მგზავრებს, რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ. გეგმაში გვაქვს საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - მგზავრს ბარგის გახსნა არ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს იქ განთავსებულ ნივთებს და თუ ეს დრო ახლა 1-1.5 წუთს საჭიროებს, შესაძლებლობაა, რომ დრო 30 წამამდე დავიყვანოთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების ყოველწლიური გამოფენა PASSENGER TERMINAL EXPO დღეს სრულდება. 

კომენტარები