სირია

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება

სირიის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, გასულ თვეში სირიასა და თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ეს ბაშარ ალ-ასადის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

ასევე, კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთისა და სირიის ლიდერები განიხილავენ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში. გარდა ამისა, ისინი ისაუბრებენ "სირიასა და მის გარშემო არსებული დაძაბულობის მოგვარების გზებზე".

რუსეთმა სამხედრო კამპანია სირიაში 2015 წელს დაიწყო, რამაც სამოქალაქო ომის ასადის სასარგებლოდ შემობრუნებას შეუწყო ხელი მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ძალებით ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დაბომბეს.

ამჟამად, დასავლური დაზვერვის წყაროების ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში ძვირადღირებულმა ომმა სირიიდან გარკვეული აქტივების გატანა აიძულა, თუმცა ქვეყანა NATO-ს სამხრეთ ფლანგზე მოსკოვის ყველაზე მტკიცე დასაყრდენად რჩება.

ბაშარ ალ-ასადის ვიზიტი სირიაში აჯანყების მე-12 წლისთავს ემთხვევა, რომელიც 2011 წლის მარტში მშვიდობიანი დემონსტრაციებით დაიწყო.

პროტესტი შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ასადმა ოპოზიციის ჩასახშობად ძალა გამოიყენა. დაპირისპირება მრავალმხრივ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელმაც მეზობლები და მსოფლიო ძალები მოიცვა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი მიგრაცია გამოიწვია. 

კომენტარები