რუსული კანონი

აქცია მშვიდობიანი იყო, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატი 7-8 მარტის საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური  აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს. 

"პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული  ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.      

აღსანიშნავია ისიც, რომ, ორივე შემთხვევაში, და განსაკუთრებით 8 მარტის ღამის საათებში ძალის პირველად გამოყენების შემდეგ, ვითარება რამდენჯერმე კვლავ დაიძაბა და ადგილზე შეკრებილი პირების წინააღმდეგ განმეორებით არაერთხელ მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, მაშინაც, როდესაც არ იკვეთებოდა მსგავსი აუცილებლობა.  სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავს ვითარებაში ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები ყოველთვის ხელს უწყობს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას, რაც სამართალდამცავებმა თავიდან უნდა აირიდონ". – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს საპოლიციო ძალების მიერ მოქალაქეებისთვის სახეში დამიზნებით ზემოქმედებაზე და მას დანაშაულებრივ ქმედებას უწოდებს.

"მედია საშუალებებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეო მასალა, რომელშიც პირდაპირ ჩანს მოქალაქეებს მიმართ უხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტები. შეკრებების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც, აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს. 

ამავდროულად, შეკრების შეწყვეტამდე და მის პარალელურადაც, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა". – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, აქციებზე დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა  დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. 

"განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები