რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შურისძიების დარტყმა – რუსეთმა ბრიანსკის შეტაკებისთვის უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა

კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით შეიარაღებული МиГ-31

რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი იერიში მიიტანა, რასაც მათ თავდაცვის სამინისტროში "შურისძიების დარტყმას" უწოდებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ მასობრივი იერიში 2 მარტს, რუსეთის ბრიანსკის ოლქში მომხდარი შეტაკების პასუხად განახორციელეს. 

"2 მარტს ბრიანსკის ოლქში ე.წ. კიევის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ტერორისტული მოქმედების პასუხად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს შურისძიების მასობრივი დარტყმები". – წერს რუსეთის თავდაცვის უწყება. 

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, მათ იერიშები საზღვაო და სახმელეთო განთავსების შორი მანძილის მქონე მაღალი სიზუსტის სხვადასხვა სახის შეიარაღებით, მათ შორის ჰიპერბგერითი კინჟალის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. მათივე ინფორმაციით, იერიშები სამხედრო-სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ყველა სამიზნეს მიაღწიეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ, ომის მსვლელობაში პირველად, რუსეთმა ერთ დღეში კინჟალის ტიპის 6 ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა. მოსკოვის არსენალში ამ რაკეტების რიცხვი შეზღუდულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ცნობით, რუსეთმა მათი კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 81 რაკეტა ისროლა. მისივე ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 48 ფრთოსანი რაკეტიდან 34 უვნებელყო.


2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა. 

თავდაპირველად ბრიანსკში მომხდარ შეტაკებაში რუსეთი უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფს ადანაშაულებდა. შემდეგ რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრებმა გაავრცელეს ორი ვიდეომიმართვა, რომელშიც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს და რუსეთის მოქალაქეებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდეს.

რუსეთი ჯგუფს სამოქალაქო პირის მკვლელობასა და შეუიარაღებელი ხალხისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, თუმცა ლიდერები და წევრები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებენ.

ამის შემდეგ, 6 მარტს რუსეთმა უკრაინის სპეცსამსახურები და რუსულ მოხალისეთა კორპუსის ნაციონალისტი ლიდერი, დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) ე.წ. "რუსული სამყაროს" აქტიური მხარდამჭერის, ტელეკომპანია და ორგანიზაცია ცარგრადის დამფუძნებლის, ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

მალოფეევი, რომელიც ცარისტული, ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის დამფუძნებელია და პროპაგანდისთვის მართლმადიდებლურ ნარატივს იყენებს, 2014 წელს უკრაინაში დაწყებული სეპარატისტული მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ის ე.წ. რუსული სამყაროს პროპაგანდისტია. უკვე რამდენიმე წელია, რაც მალოფეევი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.

რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფია, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დაარსდა.

კომენტარები