რუსული კანონი

პესკოვი: საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება ჩვენში შეშფოთება არ გამოიწვიოს

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეუძლებელია არ იწვევდეს კრემლის შეშფოთებას. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მისი თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება მის საზღვრებთან. 

"საქართველო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება ჩვენში შეშფოთება არ გამოიწვიოს. ვისურვებით, რომ სიტუაცია გამოსწორდეს".- თქვა პესკოვმა. 


საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი გაიწვია. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს, ხალხის ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებას სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები