რუსული კანონი

კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია – გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევის გადაწყვეტილებას Facebook-ზე გამოეხმაურა. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს.

მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის". - ნათქვამია განცხადებაში. 


საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი გაიწვია. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს, ხალხის ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებას სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები