რუსული კანონი

გონჩარენკო: ყოჩაღ, ქართველებო, თქვენ ეს შეძელით

Eurosolidarity.org

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლეკსი გონჩარენკო გამოეხმაურა ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის გადაწყვეტილებას, გაიწვიონ "აგენტების" შესახებ რუსული კანონი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო.

"მმართველი ძალის ცნობით, საქართველოს პარლამენტმა გაიწვია კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. ყოჩაღ, ქართველებო, თქვენ ეს შეძელით!"- წერს გონჩარენკო Twitter-ზე.


საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი გაიწვია. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს, ხალხის ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებას სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები