რუსული კანონი

კალაძე "აგენტებზე": პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან

რაც შეეხება გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ ამერიკულ კანონს, რომელსაც ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა რუსული კანონის ცრუ იარლიყი მიაწებეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ეს არის რუსული, სრული გულწრფელობითა და პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არსებულ კანონს არანაირი კავშრი არ აქვს რუსულ კანონთან, არანაირი აბსოლუტურად.

ქართული კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს და ის არავის საქმიანობას არავითარი ფორმით არ ზღუდავს. მერწმუნეთ, მეგობრებო არ ზღუდავს არანაირი ფორმით, სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ეს კანონი რომელიმე ადამიანს აგენტად აცხადებს, ან უცხოური დაფინანსებით კეთილი საქმეების კეთებას რაიმე ფორმით კრძალავს. არ არის ასე. საუბარი იყო, რომ აი, სამედიცინო მიმართულებით, განათლების მიმართულებით, არავის ეხება, არც სამედიცინო სფეროს, არც განათლების სფეროს, არც მეცნიერებას, არ ეხება ეს, ტყუილია, არ დაუჯეროთ. ეს არის იმის შედეგი, რომ შინაარსში არავინ შედიოდა და მთელი არასამთავრობო სექტორი თავისი დამფინანსებლებით ამ დღეების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ცრუ პროპაგანდა გაევრცელებინათ და სიცრუით საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ახალგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს თუ ვინმე გრანტს მიიღებდა, ის აგენტად გამოცხადდებოდა. ტყუილია მეგობრებო, არ დაუჯეროთ, სიმართლეს არ შეეფერება.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიდეომიმართვაში.

გუშინ, 7 მარტს, ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო

კომენტარები