ბახმუტის აღება რუსულ ჯარებს სხვა ქალაქებისკენაც გაუხსნის გზას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ქალაქ ბახმუტსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ალყაში მოქცეული ქალაქის დაცვა უკრაინისთვის ტაქტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან მისი აღების შემთხვევაში რუსეთის ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინის სხვა საკვანძო ქალაქებისკენ გაეხსნებათ გზა. 

"ამას ჩვენთვის ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს. ბახმუტის აღების შემდეგ რუსებს დონეცკის მიმართულებით სხვა ქალაქებისკენაც გზა ხსნილი ექნებათ. მათ შეეძლებათ ჩავიდნენ კრამატორსკში, სლოვიანსკში... ამიტომ დგანან ჩვენი ბიჭები იქ". - აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში. 

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის გადმოსახედიდან ბახმუტის აღების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს გამარჯვება რუსულ საზოგადოებაში წაახალისებს ძლევამოსილი არმიის იდეას, რაც ჯარის მობილიზებაში დაეხმარებათ. 

"ჩვენ კარგად გვესმის, რის მიღწევას ცდილობს რუსეთი. რუსეთს სჭირდება რაიმე სახით, თუნდაც მცირედი გამარჯვება მოიპოვოს. ამისათვის ის მზადაა ბახმუტში ყველაფერი გაანადგუროს და მოქალაქეები სათითაოდ ამოხოცოს". - განმარტა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ქალაქის შესანარჩუნებლად მისი მოტივაცია სრულიად განსხვავდება რუსეთის მიზნებისგან. 


დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განმარტებით, ბახმუტის დაცვა კვლავ ასუსტებს ომში ჩართული ორივე მხარის ძალას.

როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური წერს, რუსეთის ადრინდელი შეტევების შემდეგ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინელმა ჯარისკაცებმა, სავარაუდოდ, თავდაცვითი ხაზის გაძლიერება შეძლეს. 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები