ბრიუს უილისის ცოლმა, ემა ჰემინგ უილისმა სოციალური ქსელით პაპარაცებს მიმართა.
"მივმართავ ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც ცდილობენ ჩემი ქმრის ექსკლუზიური ფოტოების მოპოვებას. ვიცი, რომ ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ეცადეთ დაიჭიროთ დისტანცია. გთხოვთ, ნუ დაუყვირებთ ჩემს ქმარს, სტვენასაც მოერიეთ, მიეცით პირადი სივრცე. მიეცით მის თანმხლებ ოჯახის წევრებსა ან სხვა პირებს A წერტილიდან B წერტილში გადაადგილების საშუალება". – ამბობს ჰემინგი.
ბრიუს უილისს 2022 წლის გაზაფხულზე დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი. აფაზია მეხსიერების დაკარგვის, ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანს საუბარი და ტექსტის დამახსოვრება უჭირს. უილისმა დაავადების გამო სამსახიობო კარიერა დაასრულა. რამდენიმე კვირის წინ ოჯახმა განაცხადა, რომ 67 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას დემენცია აქვს.
ემა ჰემინგ უილისი ბრიტანელი და ამერიკელი მოდელია. 2009 წელს მან და ბრიუს უილისმა იქორწინეს, მათ ორი ქალიშვილი ყავთ. უილისს ასევე სამი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. უილისის პირველი ცოლი დემი მურია, მსახიობებს დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ. დიაგნოზის დასმის შემდეგ მური უილისების ოჯახთან დიდ დროს ატარებს და ყოფილი ქმრის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურებში აქტიურად არის ჩართული.