ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის და: მზად ვართ, აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ "სწრაფი და ყოვლისმომცველი" მოქმედებებისთვის მზადაა. მისი კომენტარი მოჰყვა ამერიკის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის გასანეიტრალებლად სამხედრო აღჭურვილობის გაძლიერებასა და ნახევარკუნძულზე B-52 ბომბდამშენის განთავსებას.

6 მარტს სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნების ფარგლებში კორეის ნახევარკუნძულზე B-52 ბომბდამშენი განთავსდა. სამხედროები, ამასთანავე, ემზადებიან თვის ბოლოს უმსხვილესი საველე წვრთნების აღსადგენად.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ აშშ-ს ძალების და სამხრეთ კორეის მარიონეტული სამხედროების მოუსვენარ სამხედრო ნაბიჯებს და ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი შეფასებების მიხედვით, მივიღოთ შესაბამისი, სწრაფი და ყოვლისმომცველი ზომები". - თქვა კიმ ჩენ ინის დამ.

კიმ იო ჯონგს არ განუმარტავს კონკრეტულად რას გულისხმობდა - "სწრაფ და ყოვლისმომცველ ზომებში", მაგრამ ჩრდილოეთ კორეა ხშირად ახორციელებს რაკეტების გამოცდას აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების საპასუხოდ, რადგან მათ განიხილავს, როგორც ქვეყანაში შეჭრის რეპეტიციას.

წვრთნის შემდეგ, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ B-52-ის განლაგებამ ჩრდილოეთ კორეის აგრესიის შესაჩერებლად მოკავშირეების გადამწყვეტი შესაძლებლობები აჩვენა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ წლის დასაწყისში რამდენჯერმე განათავსა შორი დისტანციური ამერიკული B-1B ბომბდამშენი ნახევარკუნძულზე.

გასულ თვეში აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ასევე გამართეს სამხედრო სიმულაცია ვაშინგტონში, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების გამკაცრება.

კომენტარები