მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში მიწისძვრით დაზიანებული შენობების მშენებლობაში ჩართული 247 ადამიანი დააკავეს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების პროკურატურების გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობების არაკეთილსინდისიერ მშენებლობაში ბრალდებული 247 ადამიანი დააკავეს.

სამთავრობო მედიის ცნობით, ამ დრომდე ბრალი სულ 997 ადამიანს წარედგინა, მათგან 247 დააკავეს, 322 კი სასამართლო კონტროლის ქვეშ იმყოფება. ასევე, გაცემულია კიდევ 198 ბრალდებულის დაპატიმრებისა და 102 ადამიანის დაკავების ორდერი.

ამ დრომდე არსებული მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად თურქეთში დაახლოებით 173 000-მდე შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზარალდა. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, შენობები უხარისხო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა. მათი ნაწილი კი სახელმწიფო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მონაცემებით, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა, რაც სირიას ერთად 51,000-ს აღწევს. მიწისძვრამ ასევე თურქეთში 108 000 ადამიანი დააზიანა.

კომენტარები