ირანი

ისრაელი და აშშ ბრაზილიის პორტში ირანული სამხედრო გემების გაჩერებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ

ირანული ხომალდი IRIS დენა რიო-დე-ჟანეიროს პორტში. 2023 წლის 2 მარტი.
AP Photo/Silvia Izquierdo

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბრაზილიის საპორტო ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს პორტში ორი ირანული სამხედრო ხომალდია გაჩერებული. ფაქტი დაგმო როგორც აშშ-მ, ისე ისრაელმაც, რომლისთვისაც თეირანი რეგიონული მეტოქეა. 

"ისრაელი ბრაზილიაში ირანული სამხედრო ხომალდის პორტში დაყენებას სახიფათო და სავალალო მოვლენად მიიჩნევს. ბრაზილიამ ბოროტების სახელმწიფოს არანაირი სიკეთე არ უნდა გაუკეთოს". – დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლიორ ჰაიათმა საკუთარ Twitter-ზე. 

ჰაიათის კომენტარი მოჰყვა ერთი დღით ადრე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომ ვაშინგტონი ბრაზილიელ პარტნიორებთან ამ საკითხს განიხილავს. პრაისის თქმით, უნდა დარწმუნდნენ, რომ ირანი მათ ნახევარსფეროში ფეხს ვერ მოიკიდებს. 

"[უნდა დავრწმუნდეთ, რომ ირანს] არ შეეძლება საყრდენის პოვნა, არ შეეძლება სხვებით სარგებლობა ჩვენს ნახევარსფეროში". – თქვა პრაისმა. 

2 მარტს რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროებთან გამოჩნდა ორი ირანული სამხედრო ხომალდი, IRIS მაკრანი და IRIS დენა, რომელთაც რიოში დარჩენის ავტორიზაცია 4 მარტამდე აქვთ. აშშ-ს სახელმწიფო ხაზინას ორივე გემი სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი.

ირანული ხომალდები გამოჩნდნენ მაშინ, როცა დასავლეთსა და თეირანს შორის დაძაბულობა იზრდება იმის ფონზე, რომ ახალი ბირთვული შეთანხმება ვერ დგება, ირანს კი ურანი, თითქმის, ბირთვული იარაღისთვის საჭირო რაოდენობამდე გამდიდრებული აქვს. 

ირანელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, რომ მათი ხომალდების გადაადგილება წარმოაჩინონ როგორც აშშ-ს გავლენის გამოწვევა მისსავე სამეზობლოში. თეირანი ხშირად აკრიტიკებს აშშ-ს იმის გამო, რომ მათი მე-5 ფლოტი სპარსეთის ყურეში პატრულირებს.

როგორც ირანული სამთავრობო მედია იუწყება, ირანის სამხედრო ფლოტის მეთაურმა შაჰრამ ირანიმ იანვარში თქვა, რომ ისინი წელს გეგმავენ, პანამის არხში საკუთარი საზღვაო ძალების წარმომადგენლობა ჰყავდეთ.

კომენტარები