აშშ-რუსეთი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს დიდი ოცეულის (G20) სამიტზე შეხვდნენ. ეს ბლინკენის და ლავროვის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, საუბარი დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და მთავარი თემა რუსეთის NEW START-ის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება და რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქის, პოლ უილანის გათავისუფლება იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა შეხვედრა ორი ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის. 

21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის, იგივე New START-ის შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა აშშ-სთან 2010 წელს გააფორმა და ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა და მზადყოფნაში არსებული ბირთვული იარაღის რაოდენობას არეგულირებდა. შეთანხმებას ვადა 2026 წლის 4 თებერვალს ეწურება.

New START-ის შეთანხმების მიხედვით რეგულირდებოდა: 

  • 700 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM), წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტის (SLBM) და ბირთვული შეიარაღებისთვის განკუთვნილი მძიმე ბომბდამშენების განთავსება;
  • 1 550 ბირთვული ქობინის მოთავსება განთავსებულ ICBM-ებზე, SLBM-ებსა და ბირთვული შეიარაღებისთვის განკუთვნილ მძიმე ბომბდამშენებზე (სადაც თითო ბომბდამშენი თითო ქობინად ითვლებოდა);
  • 800 განთავსებული და არაგანთავსებული გამშვები დანადგარები ICBM-სთვის, SLBM-სთვისა და ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მძიმე ბომბდამშენებისთვის.

კომენტარები